საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerმოძრაობა რიკოთის გვირაბში
მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ გზაზე ძირითადად საქართველოდან რუსეთისკენ და პირიქით მოძრავი ტრეილერები ივლიან.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საკონტროლო–გამშვები პუნქტის „ყაზბეგი–ზემო ლარსის" მიმართულებით ახალი გზისა და საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

საუბარია ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე ტრანზიტული მოძრაობისთვის, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება. ამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„გზა 23 კილომეტრი სიგრძის იქნება, აქედან 9 კილომეტრამდე — გვირაბი. ასეთი გრძელი გვირაბი საქართველოში ჯერ არასდროს აშენებულა. ასეთ პროექტს, ფაქტობრივად, პირველად ვახორციელებთ", — განაცხადა ალავიძემ.

გვირაბი - Sputnik საქართველო
დევდორაკის გვირაბი – სარგებელი ეკონომიკისათვის

ამით სატრანზიტო ავტომობილებისგან განიტვირთება მლეთა–კობის გზა, რათა ამ გზით ძირითადად ტურისტებმა იმოძრაონ. ეს გზა გუდაურამდე მიდის.

„გზა გუდაურისკენ კეთილმოწყობილი დარჩება. ასევე შევინარჩუნებთ ჯვრის უღელტეხილს", — აღნიშნა ალავიძემ.

პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალი, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ერთ-ერთი რთული გზაა ქვეყანაში. არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გზა ზამთარში ხშირად იკეტება, რაც საქართველოდან რუსეთისკენ და პირიქით მოძრავ ადამიანებს პრობლემებს უქმნის.

ამ ეტაპზე ეს ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი — რიკოთის პროექტის დაწყება. რიკოთის უღელტეხილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს.

ალავიძის განცხადებით, რიკოთის პროექტი ოთხ ლოტად დაიყოფა. ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთის სავარაუდო ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს ჭარბობს. სიგრძეა 54 კმ. არის 90-მდე ხიდი და ესტაკადა, 45 გვირაბი. სატენდერო პროცედურები მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყება. სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტები წელს უნდა გაფორმდეს.

ყველა ახალი ამბავი
0