პრემიერი დავოსში მსხვილ ინვესტორებს საქართველოში იწვევს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების Wipro და JSW Group-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართა შეხვედრები მსხვილი უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინდური კომპანია Wipro-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯასტინ დალალთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანია საქართველოში სპეციალურ ჯგუფს მოავლენს, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის. Wipro — უმსხვილესი კომპანიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების, კონსალტინგისა და აუტსორსინგის სფეროში.

პრემიერი Wipro-ს ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მეწარმეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

Всемирный Экономический форум в Давосе - Sputnik საქართველო
ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის - რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერი დავოსში

გიორგი კვირიკაშვილმა ჯასტინ დალალს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ. პრემიერმა აღინიშნა, რომ არაერთი ფაქტორის, მათ შორის ბიზნესისადმი მეგობრული გარემოსა და ხელსაყრელი მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის უდიდესი პოტენციალი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანია Wipro 6 კონტინენტზე ოპერირებს. დასაქმებული ჰყავს 170 ათასამდე თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ გასულ წელს 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის შტაბ-ბინა ინდოეთის ქალაქ ბანგალორში მდებარებს.

კვირიკაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალს შეხვდა. კომპანია საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, რომლის დეტალები წლის ბოლოს, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ჯინდალმა დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო.

JSW Group-ი მრავალ მილიარდიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დავოსში 24 იანვრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კვირიკაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას "მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0