10:14 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტო: აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად რჩება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (116)
45 0 0

აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხუთ ღონისძიებაზე წარდგა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.

ქართულმა ღვინომ ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW NY-სა და RAW LA-ზე მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მიიღო.

„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში RAW-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი", „გოცას ღვინოები", „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი — კვალითი", „კერესელიძეების მარანი", „ნაოტარი", „ორგო", „ბაბანეურის მარანი", „ბრუალე", „ივერი", „მაკარიძის მეღვინეობა", „ღვინის ქურდები", „ფაფარი ველი" და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი".

თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა უჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მეცხრე ადგილზეა

 ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (116)

მთავარი თემები