ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 66%-ით გაიზარდა

© Sputnik / STRINGERქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის 10 თვის განმავლობაში ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა.

მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გამო აუცილებელი გახდა აეროპორტის გაფართოება. ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. განახლებული აეროპორტი პირველ მგზავრებს მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.

განახლებული აეროპორტის დიზაინზე ჰოლანდიური კომპანიაა პასუხისმგებელი, რომელსაც იტალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში მსგავს პროექტებზე ადრე აქვს ნამუშევარი.

ავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 46,6%-ით გაიზარდა

ქუთაისის აეროპორტის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ჩაატარა ანალიზი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ზუსტად განსაზღვრულიყო, თუ როგორი მომსახურება უნდა შეეთავაზებინა ქუთაისის აეროპორტს.

„ჩვენ გვექნება ექვსი ტელესკოპური ტრაპი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ ერთდროულად შევძლებთ დაახლოებით 1-1,1 ათასი მგზავრის მიღებას. მნიშვნელოვნად გაფართოვდება ის სივრცეები, რომლებიც მგზავრების მომსახურებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო კომფორტული მგზავრებისთვის და ამავე დროს ავიაკომპანიისთვის და ეს აეროპორტი უფრო მიმზიდველი გახდება", — განაცხადა ალექსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ქუთაისის განახლებულ აეროპორტში დაგეგმილია ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაც. ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აეროპორტში ქართველი გადამზიდავებისთვისაც გაჩნდება ტერმინალი.

ქუთაისის აეროპორტში 440 ადამიანია დასაქმებული. შესაძლოა მომავალში მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდოს. ამ მომენტისთვის ამ აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მსოფლიოს 11 ქვეყნის 17 ქალაქში ახორციელებს ავიარეისებს.

 „ქუთაისის აეროპორტი — ეს რეგიონში უნიკალური პროდუქტია, იმიტომ რომ მსგავსი პროდუქტი არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ არის. აეროპორტის ფორმატი მორგებულია დაბალბიუჯეტიან კომპანიებზე, უფრო სწორად, ეს პროდუქტი გათვლილია ტურისტ მგზავრებზე", — განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა.

დაბალი ფასები, სხვადასხვა მიმართულებები და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი — ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ქუთაისის აეროპორტი პოპულარულია როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ მგზავრებს შორის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი იანვარი-სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77,8%-ით გაიზარდა და 324,6 ათასი ადამიანი შეადგინა.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტი საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაა.

ყველა ახალი ამბავი
0