თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებს ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ, საქართველო კი ყველა საერთაშორისო ინდიკატორის გათვალისწინებით, საინტერესო ბაზარს წარმოადგენს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა გიორგი გახარიამ.

ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი 4 ოქტომბერს სასტუმრო "იოტაში" გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ გახსნეს.

რთველი - Sputnik საქართველო
იტალია საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყანად აღიქვამს

,,იტალიური მხარის ძირითად ინტერესს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმოება ანუ ყველა ის მიმართულება, რაშიც იტალიური ექსპორტი არის ძლიერი. ჩვენთვის საინტერესოა იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები გვექნება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ივან სკალფაროტოს განცხადებით, ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებს ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ, საქართველო კი ყველა საერთაშორისო ინდიკატორის გათვალისწინებით, საინტერესო ბაზარს წარმოადგენს.

იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი შედის. მათი კომპანიების საერთო წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს.

ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო იტალიის საგარეო ვაჭრობის პრეზიდენტმა მიკელე სკანნავინიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი ჯან ვან ბილსენი და და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.

იტალია საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს იტალიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 155,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა — ამ პერიოდში მთლიანი საგარეო ბრუნვის 2,7%.
2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იტალიასთან 336 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა 73 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტმა — 263 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0