ბათუმში აგროგამოფენას რვა ქვეყნის ბიზნესმენები ესწრებიან

გამოწერა
Agro Batumi 2017-ზე საკუთარ პროდუქციას საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ირანის კომპანიები წარადგენენ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა Agro Batumi 2017 გაიხსნა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

გამოფენაში 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, აქედან 40 საქართველოს, დანარჩენი კი თურქეთის, უკრაინისა და ირანის წარმომადგენელია. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და მასმედიასთან შეხვედრები.

„Agro Batumi 2017-ს ძალზე დიდი მასშტაბები აქვს, წლიდან წლამდე ღონისძიება უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. სამი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ფართო მასებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ და ამავდროულად რეკლამა გაუწიონ“, — აღნიშნეს ორგანიზატორებმა. 

რთველი-2017 - Sputnik საქართველო
რთველი-2017: კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად 53,8 მლნ ლარია მიღებული

გამოფენაზე დასასწრებად საქართველოს 25 კომპანიის წარმომადგენელი ეწვია რვა ქვეყნიდან — პოლონეთიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და სომხეთიდან.

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. თქვენ ხედავთ, რომ ამ გამოფენისადმი დიდი ინტერესია. წელს გამოფენა მეშვიდედ ტარდება და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში უფრო დიდი დაინტერესება იქნება, რაც შესაბამის შედეგს მოგვიტანს“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება, რომელიც ბათუმში 1 ოქტომბერს დასრულდება, მეშვიდედ ტარდება. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე საგამოფენო კომპანია GEONET EXPO. გამოფენის თანაორგანიზატორები არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

ყველა ახალი ამბავი
0