07:20 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ქუთაისი–ზესტაფონის შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნა

გაიხსნა საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალის ახალი მონაკვეთი

© FB / Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალის ახალი მონაკვეთი იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ქუთაისი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი გახდება, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისი–ზესტაფონის შემოვლითი გზის 12,5 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე, აღნიშნულია მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გზის ამ მონაკვეთის გახსნით მთლიანად შევიდა ექსპლუატაციაში ზესტაფონი–ქუთაისი–სამტრედიის 56,5–კილომეტრიანი გზა. გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს მთავრობა მთავარი სატრანსპორტო არტერიის მშენებლობის დასრულებას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალია, რომელიც ქუთაისს მესტიასა და თეთნულდთან დააკავშირებს, ასევე აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან.

"იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად", – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება; საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

"ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 ევროპაში სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ქალაქ ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60 აზერბაიჯანის საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს შავი ზღვის სანაპიროზე მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392კმ–ს შეადგენს.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, იაპონიასთან ერთად, უზრუნველყოფენ მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი.

 

მთავარი თემები