13:55 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გზის რემონტი

საქართველომ ძირულა-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციისთვის ინვესტორები იპოვა

© Sputnik / Seyran Baroyan
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროექტის ფარგლებში ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების სარემონტო სამუშაოებიც იგეგმება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ძირულა—ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზებიც, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ორზოლიანი გზის მშენებლობა. მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა, საგზაო ნიშნებით აღჭურვა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ო'სალივანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

„ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ADB საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და სურს მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც, განაცხადა შონ ო' სალივანმა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს", — განაცხადა ADB-ს  ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენდირექტორმა.

მისი სიტყვებით, მან პირადად მოინახულა აღნიშნული ტერიტორია და ასევე იმყოფებოდა რიკოთის მიდამოებში, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს.

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას“, — განაცხადა შონ ო' სალივანმა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის მაისში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

შეხვედრისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთვის საინვესტიციო ლიმიტის 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ, გარდა ამისა მომზადდება საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა.

მთავარი თემები