19:03 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა

თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა

© Минэнерго Грузии
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (44)
14 0 0

საქართველო აპირებს, განაგრძოს ევროკავშირის სტანდარტებთან ქვეყნის ენერგოსექტორის დაახლოება და რეფორმები რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისში ხუთშაბათს გაიხსნა რეგიონული ენერგეტიკული სამიტი, სადაც განიხილება რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები,  რომლებიც ვაჭრობას და ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდებას შეუწყობს ხელს.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გახსნა. სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს.

"დღევანდელი "რეგიონული ენერგეტიკული სამიტი" წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტისა და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას", — აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, წელს სამინისტროს ინიციატივით პარტნიორებთან ერთად გადაწყდა ღონისძიების მასშტაბისა და შინაარსის გაფართოება, თემატური რაკურსის შეცვლა ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოს "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანებას უკავშირდება.

"დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკას", — განაცხადა კალაძემ.

სამიტში მონაწილეობენ: სომხეთისა და თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინიტროების მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოში თურქეთისა და აშშ-ის ელჩები, ასევე საქართველოს მთავრობის, კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

სამიტის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრასა და დაფინანსებას.

ღონისძიება იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" G4G —ის და ევროკავშირის პროგრამა EU4ENERGY-ის მხარდაჭერით, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ენერგეტიკის სფეროს განვითარებას ემსახურება.

EU4Energy წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას. ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის ივნისში საერთაშორისო ორგანიზაცია "ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" და ევროპულმა კომისიამ მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის გაგრძელებას.

EU4Energy იმუშავებს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგეტიკის, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის წყაროების განახლების საკითხებზე. პროგრამას საერთო კოორდინაციას "ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო გაუწევს. პროგრამის ბიუჯეტი 6,8 მლნ ევროა.

G4G — "მმართველობა განვითარებისათვის" USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაში საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანი და გამჭვირვალე დაგეგმვისა და რეალიზაციის გზით.

 

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (44)

მთავარი თემები