ექსპერტი: დღეს ქართული პროდუქცია ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველო ძირითადად ნედლეულის ექსპორტირებას ახდენს, ხოლო პროდუქცია უკვე სხვა ქვეყანაში იქმნება, აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

„საქართველოს ექსპორტზე ძირითადად ნედლეული გააქვს, რომლის დამუშავებაც უკვე სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. შესაბამისად იქვე იქმნება დამატებითი ღირებულებაც და ეს ის ხარვეზია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ექსპორტს ახასიათებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველა სახის პროდუქციას არ ეხება"- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

რაც შეეხება ზოგადად ექსპორტირებული პროდუქციის ხარისხს, ექსპერტის თქმით, ქართველი მეწარმეები უკვე მიხვდნენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე დსთ-სთან შედარებით გაცილებით მაღალი სტანდარტებია.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
ბაირახტარი: 4%-იანი ეკონომიკური ზრდით ევროპას ვერ დავეწევით

"ქართველმა მეწარმეებმა უკვე გააცნობიერეს, რომ თუ მათი პროდუქცია არ იქნება მაღალი ხარისხის, ეს მათი გაყიდვების დონეზე პირდაპირ აისახება, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული ქართული პროდუქციის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ევროპული ანალოგების ხარისხს" — მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს.

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა — ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში 36.4%-ით, ხოლო აპრილში კი —28% გაიზარდა.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

პაატა ბაირახტარის ვარაუდით, ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ახლო მომავალშიც არის მოსალოდნელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ექსპორტის ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება და ეს გამოწვეულია ისევ და ისევ იმ სტაბილური პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. თუ ყველაფერი შემდეგშიც ასე განვითარდა, მოსალოდნელია ექსპორტის კუთხით პოზიტიური ტრენდის შენარჩუნება"-განაცხადა პაატა ბაირახტარმა. 

სატვირთო ავტომანქანა საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ქართული პროდუქცია უფრო პოპულარული ხდება – ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით. საბოლოო ჯამში აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (73%), მაისურების და თბილი სამოსის (71%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (39%), მედიკამენტების (26%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (8%) და მინერალური და მტკნარი წყლების (5%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს — გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37%), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32%) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0