15:17 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ღვინის საერთაშორისო კონკურსი

Sakura 2017: ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში

© Wines of Georgia
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1411

ქართველი მეღვინეები იმედოვნებენ, რომ გამოფენაზე მიღწეული წარმატება ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს არა მარტო იაპონურ ბაზარზე, არამედ ზოგადად, აზიაში.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 12 დასახელების ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსში  Sakura Japan Women’s Wine Awards 2017 უმაღლესი ჯილდოები —  ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი — ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საერთაშორისო კონკურსი Sakura მასშტაბური ღონისძიებაა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით — სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ორმაგი ოქროს მედალი“ მოიპოვა „ვაზიანის“ კომაპნიის ღვინომ „საფერავი 2015“. ამავე კომპანიის ღვინომ „ქისი 2015“ ოქროს მედალი დაიმსახურა. ოქროს მედლები ასევე მოიპოვეს ღვინოებმა: „საფერავი 2015“ (კომპანია „ბინეხი“), „კონდოლი საფერავი 2014“ და „სატრაპეზო საფერავი 2013“ („თელავის ღვინის მარანი“), „ქინძმარაული 2014“ („მილდიანი“) და „საფერავი 2013“ („მეღვინეობა ხარება“).

ვერცხლის მედლები მიენიჭა ღვინოებს: თელავის ღვინის „მუკუზანი 2014“ („მარანი“), „საფერავი რეზერვი 2011“ („მილდიანი“), „საფერავი BIO 2014“ („შუმი“) და „ქინძმარაული 2014“ („მეღვინეობა  ხარება“).

სულ გამოფენაზე 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. 

„ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 7 მარტს კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2017-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს. სულ საქართველომ 2016 წელს 50 მილიონი ბოთლის ექსპორტი განახორციელა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება.


მთავარი თემები