ბიზნესმენები რუსეთიდან ქართველ პარტნიორებს ეძებენ

გამოწერა
თბილისში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები რუსეთისა და საქართველოს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც თანამშრომლობით არიან დაინტერესებული.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში რუსეთისა და საქართველოს ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მაქაცარიამ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, რუსი და ქართველი ბიზნესმენების თხოვნით, ერთდღიანი ღონისძიება მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობს ათი რუსული კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ სამშენებლო, ენერგეტიკულ, ტურისტულ და სარეკლამო სექტორებს.

ორმხრივი შეხვედრების წინ იურისპრუდენციის, ფინანსებისა და აგროსამრეწველო სფეროებში მომუშავე სამი ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს.

„მსგავსი სავაჭრო მისიები წელს უკვე ორჯერ ჩამოვიდნენ — კალინინგრადისა და როსტოვის რეგიონებიდან, თუმცა, ქართული და რუსული კომპანიების წარმომადგენელთა ასეთ B2B გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები პირველად იმართება“, — აღნიშნა მაქაცარიამ.

საქართველო საინტერესო ქვეყანაა რუსი ბიზნესმენებისთვის - Sputnik საქართველო
საქართველო რუსი ბიზნესმენებისთვის საინტერესო ქვეყანაა

მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდა ბიზნესზეც აისახება.

„იმ ფონზე, როცა რუსეთიდან ტურისტების ნაკადი იზრდება, იზრდება დაინტერესება ბიზნეს-წრეებშიც და, შესაბამისად, ამას მოჰყვა ეს შეხვედრა. და თუ ისინი შესაბამის პარტნიორებს მოძებნიან, თანამშრომლობის გაგრძელებას შეძლებენ“, — განაცხადა მან.

რუსი ბიზნესმენების შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი არ არის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%–ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს.

2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0