ლარი გარბის, ყველაფერი რიგზეა!..

გამოწერა
საშემოდგომო დაღმასვლა... უცნობი დისტანცია და არაპროგნოზირებადი ნიშნული... ლარის გაუფასურების მიზეზები, საფინანსო-ეკონომიკური პარამეტრები, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მოლოდინი.

ყურადღება!.. სარბენ ბილიკზე ცვლილებაა… საარჩევნო სუბიექტები ეროვნულმა ფულადმა ერთეულმა ჩაანაცვლა. პოლიტიკოსებმა რბოლა უკვე დაასრულეს.

დისტანცია ცნობილი იყო და შედეგიც მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი გახლდათ. ახლა ლარი გარბის და რა ნიშნულს ჩაურბენს თუ გაუსწრებს ის არავის უწყის…

საშემოდგომოდ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი სახელდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 3,4 პროცენტით, ხოლო 2017 წელს 3,9 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს. როგორც EBRD-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნავარაუდევი. სავარაუდოდ ეს ნიშნული საკმარისი არ არის. ლარის კურსი ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში ამჟამად არსებულ ვითარებას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე აისახება კიდეც.

პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
გავთავისუფლდეთ!.. ანუ შემოდგომის ვარსკვლავთცვენა...

არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საბიუჯეტო დეფიციტია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მთავრობა გაცილებით მეტს ხარჯავს ვიდრე ამის საშუალებას საგადასახადო შემოსავლები იძლევა. დეფიციტს მთავრობა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აღებული სესხებით ავსებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის დაღმასვლა ტურისტული ნაკადის შემცირებამ და რამდენიმე თვის წინათ ეროვნული ბანკის მიერ დაწყებულმა დედოლარიზაციის პროცესმა განაპირობა. საგარეო ფაქტორები ნაკლებად ან საერთოდ არ მოიაზრება. სავსებით ლოგიკურია, რომ ლარის ბოლო რყევების ანალიზისას სპეციალისტები ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებენ.

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
პირადი ბანკირის რჩევები...

ეკონომისტი თემურ ბასილია: „შეიძლება ითქვას, რომ ვალუტის გაცვლით კურსზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს; კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული, ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ქცევები და სავალუტო სპეკულაციები. როგორც ვხედავთ, ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკაა. ბოლო პერიოდის ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი ეს არის დოლარიზაციის მაღალი დონე და ლარზე მოთხოვნის შემცირება. მეორე გახლავთ ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის ზედმეტი, დაუსაბუთებელი მასის გაშვება. ბოლო ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტი ფულის მასა გაუშვა მიმოქცევაში ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. ივნისში ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა 250 მილიონ ლარამდე შემცირდა; სწორედ, იმ პერიოდში დასტაბილურდა კიდეც ლარი. თუმცა ივნისის შემდეგ ეროვნული ბანკი ისევ დაუბრუნდა ე.წ. რეფინანსირების სესხების მანკიერ პრაქტიკას და დღეისთვის მისმა მოცულობამ 1,3 მილიარდი შეადგინა. როგორც ვხედავთ, ოთხ თვეში მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებულია მილიარდ ლარზე მეტი, რამაც გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის დაცემა…“

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გაიაფებული სესხები და ფულის ფასი...

საინტერესოა — რატომ გასცემს ეროვნული ბანკი ე.წ. რეფინანსირების სესხებს კომერციულ ბანკებზე თუ იცის, რომ ეს გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს ლარზე…

თემურ ბასილია: „იმიტომ რომ, კომერციულ ბანკებს არა აქვთ საკმარისი ფულადი რესურსი, რომ დაფარონ თავიანთი ვალდებულებები. რატომ არა აქვთ კომერციულ ბანკებს საკმარისი ფულადი რესურსი? იმიტომ რომ, მათ განკარგულებაში არსებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებულია არასაბანკო საქმიანობაში. ეროვნული ბანკი კი, იმის ნაცვლად რომ წარმართავდეს პროცესს, აძლევდეს ინსტრუქციებს, მითითებებს კომერციულ ბანკებს, რათა მათ გამოასწორონ მდგომარეობა, პრაქტიკულად გადაიქცა ორი დომინანტი ბანკის მომსახურე სააგენტოდ. ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, არ გახლავთ რეფინანსირების ერთკვირიანი სესხები, რაც მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რეალურად, ეს გახლავთ საგანგებო სესხები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეფერხებები კომერციული ბანკების საქმიანობაში, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, საბანკო სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ანუ, ეროვნული ბანკი ეხმარება კომერციულ ბანკებს, მაგრამ ეს დახმარება მიმოქცევაში ფულის დამატებითი მასის გაშვებას გულისხმობს, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არა მაქვს. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არა ერთი მოწოდების და რეკომენდაციის მიუხედავად ეროვნულ ბანკს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია დოლარიზაციის დონის შესამცირებლად. ასევე, იმის ნაცვლად რომ ეროვნული ბანკი ამცირებდეს მიმოქცევაში ლარის რაოდენობას, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, იგი პირიქით, ზრდის ლარის მასას, ძირითადად ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით; ანუ, ეროვნული ბანკი თავად უკეთებს პროვოცირებას ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას…“

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება

როგორია მაკროეკონომიკური პარამეტრების გავლენა… ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდის გარემო ცუდი არ არის. ინფლაცია დაბალ დონეზეა შენარჩუნებული, იზრდება ექსპორტი და ფულადი გზავნილების მოცულობა. ამიტომ ლარის ამჟამინდელ დევალვაციას არა აქვს რაიმე კავშირი მაკროეკონომიკურ გარემოსთან. სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არის და ის, რაც ხდება აჟიოტაჟისა და ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგია. ამგვარი ხედვა უცხო არ არის და მეტწილად მკითხველთა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა არსებობის უფლება ყველა მოსაზრებას ააქვს.

პაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი. - Sputnik საქართველო
პაატა შეშელიძე: ლარის ნაცვლად დოლარი შემოვიღოთ

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „შეგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა. ეს ექსპერტთა ნაწილმა, წმინდა პოლიტიკური ოპოზიციური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალსახად წინასაარჩევნო ქმედებად მიიჩნია და ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერად შეაფასა. სამწუხაროდ, მოხდა ამ თეზის მედიასივრცეში გადატანა და შეიქმნა მოლოდინი არჩევნების შემდეგ ლარის მოსალოდნელ გაუფასურებაზე. დიდწილად, სწორედ ამ ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგია, რომ ადამიანები, მათ შორის, მეწარმე პირების ნაწილი ყიდულობს უცხოურ ვალუტას იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ მომენტში მათ ეს სჭირდებათ თუ არა. მსურს განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, თუ იგი არ მომდინარეობს მაკრო ფაქტორების სერიოზული ცვლილებებიდან, ან დისბალანსიდან, მათ შორის, საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკაში არის ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესება და შესაბამისად, ეკონომიკის ვარდნა გრძელვადიან ხასიათს ატარებს, მაშინ ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მთავრობა ვერაფერს გააწყობს ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული ტრანსფორმაციის და ანტიკრიზისული მენჯმენტის გარეშე. წინაკრიზისული სიტუაცია არ არის და ამდენად არანაირი წინაპირობა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებისა არ არის…“

ქართული ლარი - Sputnik საქართველო
ემზარ ჯგერენაია:10 დეკებრიდან მოსალოდნელია ლარის გამყარება

რაც შეეხება ინტერვენციას. ერთის მხრივ ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ზედმეტად უშვებს მილიარდ ლარზე მეტს, რითაც პროვოცირებს ლარის გაუფასურებას და შემდეგ, ლარი რომ მეტისმეტად არ გაუფასურდეს, ხარჯავს სავალუტო რეზერვებს მის მიერვე მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებული ლარის მასის ნაწილის ამოსაღებად. თავად განსაჯეთ და შეაფასეთ რა ჰქვია ასეთ ქმედებას…

 


ყველა ახალი ამბავი
0