01:31 25 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ტექნიკა აზერბაიჯანიდან ქართველ ფერმერთა დასახმარებლად

საქართველომ აზერბაიჯანისგან კომბაინები ითხოვა

© Минсельхоз Грузии
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
7211

რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოსავლის სწრაფი აღების მიზნით, საქართველომ აზერბაიჯანიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოიტანა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ხორბლის  მოსავლის აღებაში ქართველი ფერმერების დასახმარებლად აზერბაიჯანმა საქართველოში კომბაინები გამოუშვა. 

უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო, იუწყებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მოსავლის აღების სამუშაოებში სრულად არის ჩართული შპს,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა — 86 ერთეული კომბაინი. პროცესში ჩართულია კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. 

მიუხედავად ამისა, უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა, იუწყებიან სამინისტროში.

ხორბლის მოსავლის აღება
© photo: Sputnik / Артем Креминский

მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, ვადების მაქსიმალური გათვალისწინებით,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა.  საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩართული.

ტექნიკას,,წითელი ხიდის“ სასაზღვრო — საბაჟო გამშვებ პუნქტზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დახვდა.

„საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც — ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა.

მისი სიტყვებით,  სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს  მოსავლის დროული აღება-დაბინავების კუთხით.

საქართველოში იმპორტირებული საქონლის მიხედვით ხორბალი პირველ ათეულში შედის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წლის პერიოდისათვის იმპორტის მთელი მოცულობის 1,5% შეადგენდა.

2015 წელს საქართველომ 119 მილიონი დოლარის ხორბალი შემოიტანა. ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება. კერძოდ, 2015 წელს რუსეთიდან 114 მილიონი დოლარის ღირებულების 516,7 ათასი ტონა ხორბლის  იმპორტი განხორციელდა.

მთავარი თემები