2014 წელს საქართველოში მობილური კავშირის აბონენტთა რიცხვი 8,2%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე ”მაგთის” წილმა 37,6% შეადგინა, ”ჯეოსელის” – 35,2%, ”მობიტელის” (ბილაინის სავაჭრო მარკა) – 26,6%.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2014 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს საქართველოში მობილური კავშირის აბონენტთა რიცხვმა 5,4 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 8,2%-ით (410 ათასი აბონენტით) მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) 2014 წლის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშში. 

მობილური კავშირის აბონენტების მოცულობამ 2014 წლის ბოლოს 120,5% შეადგინა.

2014 წელს საქართველოს ბაზარზე ოთხი კომპანია ოპერირებდა: შპს ”მაგთი”, შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მობიტელი” (ბილაინის სავაჭრო მარკა) და სს ”სილქნეტი”.

შემოსავლების მოცულობისა და აბონენტების რაოდენობით ბაზრის ლიდერია კომპანია ”მაგთი”. მეოთხე კვარტალში ბაზარზე ”მაგთის” წილმა 37,6% შეადგინა, ”ჯეოსელის” – 35,2%, ”მობიტელის” – 26,6%, ხოლო სს ”სილქნეტის”- 0,6%, რომელმაც მობილური კავშირის ბაზარზე ოპერირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. 

კომისიის ინფორმაციით, 2014 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლებმა 454,9 მლნ ლარი (198 მლნ აშშ დოლარი დღგ-ის და აქციზის გარეშე) შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,1%-ით ნაკლებია. მათგან შემოსავლების 70,1% ხმოვან მომსახურეობაზე მოდის, 9,9% — მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე, 4,0% — ინტერნეტზე, ხოლო დანარჩენ დამატებით მომსახურეობაზე — 16%.

2014 წლის მეოთხე კვარტალში ერთი აბონენტის მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობის ყოველთვიური შემოსავალი 0,92 ლარით (0,41 აშშ დოლარი) შემცირდა და 6,81 ლარი (3 აშშ დოლარი) შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0