მოსკოვში აღიარეს, რომ საქართველოს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია

გამოწერა
საქართველოს პოზიციას შეუძლია გააჭიანუროს ორგანიზაციაში შესვლისთვის დოკუმენტების დამუშავების პროცესი ოთხ თვეზე მეტხანს, რა დროც რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა თავდაპირველად გათვლილი.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის განაცხადს ვმო-ში (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესვლის თაობაზე მხარს არ დაუჭერს, სანამ არ გადაწყდება საზღვრის აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემა, შეუძლია გააჭიანუროს ორგანიზაციაში შესვლისთვის დოკუმენტების დამუშავების პროცესი ოთხ თვეზე მეტხანს, რა დროც რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა თავდაპირველად გათვლილი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთან მინისტრმა ალექსეი კუდრინმა.

”თქვენ თვითონ თქვით, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები, მათ თანდათანობით გადავლახავთ. მე, რა თქმა უნდა, როცა ვამბობდი, რომ, ალბათ, ოთხი თვე დასჭირდება დოკუმენტების საბოლოო დამუშავებას, მხედველობაში მქონდა, რომ არ ვითვალისწინებდი ისეთ დაბრკოლებას, როგორიც საქართველოა”, - განაცხადა კუდრინმა ტელეარხ RT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანლის ნიკოლოზ გილაურის განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისი რუსეთის განაცხადს ვმო-ს წევრობაზე მხარს არ დაუჭერს, მოჰყვა რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეთანხმებას აშშ-ის პრინციპული თანხმობის შესახებ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, რომელსაც რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს.

საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” განცხადებით, ინტერვიუში კუდრინმა დასძინა, რომ არ მიაჩნია, რომ ვმო-ში ”ჩვენ შესვლის 17 წელი გვქონდა”. ”რეალური მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო”, - განაცხადა მან. ”მაგრამ ყოველთვის რაღაც გვიშლიდა ხელს. ძირითადად, ეს, ჩემი აზრით, იყო პოლიტიკური მიზეზები. ბოლო დროს ეს საქართველო იყო, რომელმაც გაანელა ჩვენი ურთიერთობები, და ყველაზე ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაც კი აშშ-თან არ გამოგვდიოდა”, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

”ამჟამად, ობამას და მედვედევის შეთახმების და ვადის წყალობით, რომელიც მკაცრად განსაზღვრეს, ორმხრივ მოლაპარაკებებში შედეგებს მივაღწიეთ. მიმაჩნია, თუ ეს პოლიტიკური ნება შენარჩუნდა, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. ახლა დარჩა  საბაჟო კავშირის რეჟიმის და ქვეყნებთან ადრე მიღწეული ჩვენი შეთანხმებების შეთავსების ტექნიკური საკითხები”, - განაცხადა კუდრინმა.

ყველა ახალი ამბავი
0