ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს „ბერლინალეს“ მონაწილე ქართული ფილმების ჩვენებას სთავაზობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკში„ბერლინალეს“ ჯილდო
„ბერლინალეს“ ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
რეტროსპექტივა ბერლინალეს პარალელურად, მარტ-ივნისში გაიმართება. ფილმების ონლაინ-ჩვენება კვირაობით ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის ვებგვერზე შედგება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მაყურებელს „ბერლინალეს“ მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას სთავაზობს.

ონლაინ-ჩვენება ბერლინის 71–ე საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნის პარალელურად გაიმართება. კინოფესტივალის მსგავსად, რეტროსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.

მარტის თვის პროგრამა:

6 მარტი – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც 1986 წელს საბჭოთა კავშირის სახელით ბერლინალეზე გამოჩნდა და საქართველოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. ფილმი წარმოდგენილი იყო ფესტივალის მთავარ კონკურსში და მას გადაეცა „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის.

13 მარტი – „უძინართა მზე“

თემურ ბაბლუანის გახმაურებული ფილმი „უძინართა მზე“ კიდევ ერთი ქართული ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს „ვერცხლის დათვი“ მოუტანა. ფილმი 1993 მონაწილეობდა ფესტივალის მთავარ კონკურსში, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

20 მარტი – „იქ, ჩემთან“

1992 წელს ზაზა ხალვაში ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო, რომლისთვისაც  ფილმი „იქ-ჩემთან “ წარმატებული სტარტი აღმოჩნდა. ნამუშევარი წარმოდგენილი იყო სექციაში „ფორუმი“ და მას შემდეგ იგი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

27 მარტი – „მზის ქალაქი“

რეჟისორი და პროდიუსერი რატი ონელი 2017 წელს ბერლინალეზე წარსდგა დოკუმენტური ფილმით „მზის ქალაქი“. იგი აჩვენეს სექციაში „ფორუმი“. ფილმს მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

ფილმების ონლაინ ჩვენებები გაიმართება ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში, 22:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინალეს 71–ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი „ბერლინალეს“ მთავარ სელექციაში ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორის არის, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში იასპარეზებს.

ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი მოხვდა >>

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0