05:30 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

მთავარი თემები