„მარადიული სიყვარული?“: ქეთი მელუამ ძალიან პირადული ალბომი გამოუშვა

© photo: AFP 2020 / GUILLAUME SOUVANT ქეთი მელუა
 ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მელუამ თავის მუსიკაში, როგორც ყოველთვის, ჩააქსოვა მთელი თავისი სული და პირადი სამყარო, რომელიც მოტომრბოლელ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ სერიოზულად შეირყა

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებულმა ქართული წარმოშობის ბრიტანელმა მომღერალმა ქეთი მელუამ ახალი ალბომი ALBUM №8 გამოუშვა.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
„მუსიკალური მაგია“: ქეთი მელუამ საყვარელი პლეი-ლისტი გაასაჯაროვა

ფირფიტაში ALBUM №8 შევიდა 10 სრულიად ახალი კომპოზიცია, რომლებიც ქეთიმ ინგლისსა და საქართველოში დაწერა. ალბომის ჩაწერაში საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი და გორის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდნენ.

„ქეთი მელუას ALBUM №8 - ძალიან პირადული, ღია ალბომია სიყვარულსა და დანაკარგზე, რომელიც ორჯერ არის ნომინირებული პრემიაზე Brit Award, მისი პროდიუსერია ლეო აბრაჰამსი. ის მოიცავს ათ შესანიშნავად შედგენილ, ავტობიოგრაფიულ კომპოზიციას. თითოეული მოგვითხრობს ისტორიას, ფიქრების სერიას, თითქოსდა დღიურიდან წაკითხულს“, - წერს The Upcoming.

საინტერესოა, რომ ახალ ალბომში ქეთი მელუა ეხება მარადიული სიყვარულის თემას. ამის მიზეზია მომღერლის ძლიერი შინაგანი განცდები. ქეთი აგვისტოში დაშორდა თავის მეუღლეს, ინგლისელ მოტომრბოლელ ჯეიმს ტოუზლენდს, რომელთანაც ქორწინებამ შვიდ წელს გასტანა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომის ერთ-ერთი სიმღერის კლიპი მელუამ აჭარაში გადაიღო. გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპიროზე, ასევე სოფელ მერისში.

კლიპის რეჟისორია მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ იზრუნა. 

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
„ასეთი სიყვარული“ - ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. ის ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მსოფლიო მუსიკაში მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის „ღირსებით ორდენით“ დააჯილდოვა. ხოლო 2018 წელს, როდესაც ქეთი თბილისში უფასო კონცერტით გამოდიოდა, მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0