დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე ია სუხიტაშვილი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა, ხოლო დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესი რეჟისორი. ორივეს „ვერცხლის ნიჟარები“ გადაეცათ

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო:

  • დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
  • ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
  • დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი).

კულუმბეგაშვილის ფილმის შესახებ აღფრთოვანებით წერს რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი.

ლეონიდ პარფიონოვის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რუსი ქართველები“ - Sputnik საქართველო
„ინ ქვევრი ვერიტას“: პარფიონოვი საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა

 „დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ სან-სებასტიანის ყველა მთავარი ჯილდო აიღო: საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, სცენარი, მსახიობი ქალი. ასეთი საფესტივალო ტრიუმფი ბოლო ოცი წლის დაჟინებული დაკვირვების განმავლობაში არ მახსოვს. და ქართულ კინოსაც მსგავსი არაფერი ჰქონია, თუ არ ვცდები, კანის ფესტივალზე „მონანიების“ წარმატების და დაჯილდოების დროიდან. მოკლედ, ძალიან მაგარია, ვულოცავ ქართველ მეგობრებს და უკვე ვოცნებობ ვუყურო ფილმს“, - დაწერა დოლინმა თავის Facebook-გვერდზე.

ზუსტად ერთი კვირის წინ ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა.

რაზეა ფილმი „დასაწყისი“

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0