საქართველოს პირველი პროფესიული კოლეჯის უძველეს შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაარსებული კოლეჯი ქვეყანაში პროფესიული განათლების პირველ და ევროპაში ერთ-ერთ უძველეს ცენტრად ითვლება

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, აღადგინოს 1877 წელს საგურამოში აშენებული, ქვეყნის პირველი პროფესიული კოლეჯის შენობა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

გელათის მონასტრის აფსიდის ფრესკა - Sputnik საქართველო
Facebook-ის აქტიურმა მომხმარებელმა გელათის მონასტრის ფრესკა გადაარჩინა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ადრე გამოჩენილ ქართველ მოღვაწეს, პედაგოგსა და პუბლიცისტს, ილია წინამძღვრიშვილს ეკუთვნოდა. 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით საკუთარ მამულში დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ქართულ ენაზე, სადაც სტუდენტები მთელი საქართველოდან იყრიდნენ თავს.

დაარსების დღიდან ტექნიკუმში დაიწყო ისეთი მიმართულებების სწავლება, როგორიცაა მებაღეობა, მევენახეობა, მეტყევეობა, მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ტექნიკუმში სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს და ის საქართველოში პირველ და ევროპაში ერთ-ერთ უძველეს პროფესიული განათლების კერად მიიჩნევა.

კოლეჯის გახსნაში დიდი როლი ითამაშეს საქართველოს გამოჩენილმა პედაგოგებმა და განმანათლებლებმა. მაგალითად, კოლეჯის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ილია ჭავჭავაძე, სასწავლო პროგრამის შექმნაში კი მონაწილეობდნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე.

აღსანიშნავია, რომ მთელი თავისი ქონება წინამძღვრიშვილმა, რომლის სახელსაც თბილისის ერთ-ერთი ქუჩაც ატარებს, უშუალოდ კოლეჯს უანდერძა.

საინტერესოა, რომ 2016 წლიდან პირველი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი. წინამძღვრიშვილის მამულში განთავსებულია ორი შენობა: ერთი მათგანი XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება, მეორე კი - თანამედროვე კოლეჯი, რომელიც ყოველწლიურად ასობით სტუდენტს იღებს. წელს სასწავლო დაწესებულებამ მიღება 17 პროფესიულ პროგრამაზე გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0