თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა რეზო ჩხეიძის 1959 წელს გადაღებულ ერთ-ერთ საკულტო ფილმს „მაია წყნეთელი" რესტავრაცია ჩაუტარეს.
ფილმის რესტავრაცია-აღდგენა ციფრულ ფორმატში 2K მიმდინარეობდა. ექსპერტებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს: გაწმინდეს ხმა, დაამუშავეს გამოსახულება და გააკეთეს ფერის კორექტივები.
„შესანიშნავი ფილმია თავისი დრამატურგიით, სცენარით, მონტაჟით, ბრწყინვალე მსახიობებით. რა თქმა უნდა, სულხან ცინცაძის მუსიკაც უნდა აღვნიშნოთ. ეს ყველაფერი აღდგა „ქართული ფილმის" ბაზაზე", – განაცხადა კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და რესტავრატორების ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ფილმის რესტავრაცია მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება. ფილმში მოვლენები სწორედ პატარა კახის მეფობის დროს ვითარდება.