ოპერის მოყვარულებს „აბესალომ და ეთერის“ ონლაინ-ჩვენებაზე იწვევენ

გამოწერა
საინტერესო ფაქტია ის, რომ ზაქარია ფალიაშვილს მისი შემოქმედების ყველაზე მთავარი ოპერის შესაქმნელად 15 წელი დასჭირდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ონლაინ-ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ხუთშაბათს, 19:00 საათზე გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სოლისტები: კახაბერ თეთვაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, თეა დემურიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, თამარ ივერი, ლადო ათანელი, ნანა ძიძიგური, თამაზ საღინაძე, გია მახარაძე და ვახტანგ ჯანიაშვილი. 

დადგმაში ასევე ჩართულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები”. „აბესალომ და ეთერის“ სცენური გაფორმება ეკუთვნის გოგი ალექსი-მესხიშვილს, ქორეოგრაფია – ილიკო სუხიშვილს.

„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით, პეტრე მირიანაშვილმა შექმნა.

საინტერესო ფაქტი: კომპოზიტორს მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი დასჭირდა. ეს იყო ქართული მუსიკის დღესასწაული - ტრადიციულ საოპერო სცენაზე, სადაც მანამდე მხოლოდ დასავლეთის და ზოგჯერ რუსეთის კომპოზიტორების ოპერები იდგმებოდა, ეროვნული ოპერა გაცოცხლდა. პრემიერის დღეს დირიჟორის ამპლუაში თავად ავტორი მოგვევლინა.

ყველა ახალი ამბავი
0