თბილისის ხელოვნების სასახლემ სახელწოდება შეიცვალა და „ახალი სიცოცხლე“ დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასახლის ფონდებში ინახება არა მარტო ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ნიმუშები, არამედ ქართული მოდის, დიზაინის, ეთნოგრაფიის, გამოყენებითი და ხალხური ხელოვნების, ცირკისა და ფოტოგრაფიის ექსპონატები.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ხელოვნების სასახლეს, იგივე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ხელოვნების მუზეუმს, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
თბილისის ხელოვნების სასახლე ვირტუალურ ცხოვრებაზე გადავიდა

„პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. მუზეუმმა მიიღო ის წოდება, რომელიც მას ეკუთვნოდა, რომელიც კარგად ასახავს საგანძურში და დარბაზებში დაცული კოლექციების მნიშვნელობას, არ ზღუდავს პროფესიული მოქმედების არეალს და უფრო სწორად გადმოსცემს მის პროფილს“, – წერს კალანდია. 

მუზეუმის დირექტორის სიტყვებით, სასახლის ფონდებში ინახება არა მარტო ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ნიმუშები, არამედ ქართული მოდის, დიზაინის, ეთნოგრაფიის, გამოყენებითი და ხალხური ხელოვნების, ცირკისა და ფოტოგრაფიის ექსპონატები.

„ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი კულტურის ისტორია!” – აღნიშნავს კალანდია და დასძენს, რომ მსგავსი მუზეუმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაში, ნორვეგიაში, ხორვატიასა და იაპონიაში.

თავის განცხადებაში მუზეუმის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ უწყებაში მოისმინეს და სწორად გაიგეს მისი არგუმენტები.

გარდა ამისა, დირექტორმა მადლობა გადაუხადა თავის ოპონენტებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, ყოველთვის ცდილობდნენ მათი საქმიანობის სფეროს შეზღუდვას და ვიწრო პროფილურ მუზეუმად წარმოჩენას.

„ასე რომ, დღეიდან საქართველოში ახალ სიცოცხლეს იწყებს საკმაოდ ძველი და მდიდარი - კულტურის ისტორიის მუზეუმი! მუზეუმი, რომელიც თავიდანვე დიდი მასშტაბებისთვის იყო განკუთვნილი“, – წერს დირექტორი.

თბილისის ხელოვნების სასახლე – საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. ლამაზი შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, XIX საუკუნის ბოლოს ცნობილი გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტის მიხედვით აშენდა.

ისტორიულ ცენტრს რამდენიმე სართული უკავია. დარბაზებში წარმოდგენილია საქართველოს კინემატოგრაფიასთან, თეატრთან, მუსიკასთან, ქორეოგრაფიასთან და, ზოგადად, კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატები.

აქ ინახება 200 ათასზე მეტი ექსპონატი, რომელიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებსაც ერთ დროს ცნობილი ქართველი მსახიობები იყენებდნენ, ასევე მემორიალური საგნები, ფოტოები, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0