„მშვენიერი ელენე" – გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი ეკრანებზე ზაფხულში გამოვა

© courtesy of Wagonnet Filmsგიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაზეა, რომელიც, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული, საკუთარი თავის თავიდან დამკვიდრებას ცდილობს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი მუშაობას ასრულებს მის ახალ ფილმზე „მშვენიერი ელენე", რომელიც დიდ ეკრანებზე, სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულში გამოვა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფილმი ახალგაზრდა ქალის ელენეს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. სახლში დაბრუნებული ელენე ხედავს, რომ ოჯახში ყველაფერი შეცვლილია და ყველა საკუთარი რიტმით ცხოვრობს – მან საკუთარი ადგილი დაკარგა და ახლა მის დაბრუნებას ცდილობს. ელენეს როლს ახალგაზრდა მსახიობი ნათია ჩიკვილაძე ასრულებს.

„ჩემი გმირი ერთგვარ სულიერ კრიზისს განიცდის. მასში დაგროვდა კითხვები, რომლებზეც პასუხების მოძებნას ცდილობს. და ამ საქმეში მას სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრები ეხმარება. თუმცა, ეს უფრო არის ფილმი თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებზე", – განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა.

ფილმის კიდევ ერთი გმირი – საშუალო ასაკის რეჟისორია. მამაკაცს კრიზისი აქვს არა მარტო პროფესიულ სფეროში, არამედ პირად ცხოვრებაში. პერსონაჟის როლს ფილმში მსახიობი დიმიტრი ხვთისიაშვილი ასრულებს.

„ჩემი გმირი შთაგონებისთვის ახალ სისხლს, ახალ იდეას ეძებს. იგი მუდმივ ძიებაშია", – აღნიშნა მსახიობმა.

თავიდან ფილმის გადაღებებზე უნგრელი ოპერატორი მარცი რაგალი (Marci Ragalyi) მუშაობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფილმის თითქმის ნახევარი გადაღებული იყო, გიორგი ოვაშვილმა გადაღების პროცესის გაგრძელება ქართველ ოპერატორს ირაკლი ახალკაცს შესთავაზა. ირაკლის სიტყვებით, რეჟისორმა ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გადაღებული მასალები ერთმანეთისგან ტექნიკით ყოფილიყო განსხვავებული.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში – ქვემო ქართლში, ბირთვისის კანიონზე და ხრამის ხეობაში.

„მშვენიერი ელენეს" გადაღებები უკვე სრულდება. წინ არის პოსტ-წარმოების შრომატევადი პროცესი, რომელზეც ოვაშვილი დამატებით რესურსს მოითხოვს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რეჟისორის თქმით, ფილმი ეკრანებზე 2020 წლის ზაფხულისთვის გამოჩნდება.

გიორგი ოვაშვილი ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მისი შექმნილია ცნობილი ფილმები „გაღმა ნაპირი", „სიმინდის კუნძული", „ხიბულა".

ყველა ახალი ამბავი
0