როდესაც ქართული ფოლკლორი ახლობელი ხდება – თბილისში ახალი სივრცე გაიხსნა

© photo: Giorgi Kekelidze / FBფოლკლორის დარბაზი
ფოლკლორის დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარბაზში გამოფენილია მასალები ქართული ფოლკლორის ოქროს ფონდიდან – ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის სხვა რეკვიზიტები.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი დარბაზი გაიხსნა – აქ შესაძლებელია გაეცნოთ ხალხური შემოქმედების სათავეებს, მისი განვითარების პერიოდებსა და თანამედროვე ტენდენციებს, ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ახალი სივრცე, რომელიც ქორმაისტერ ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა.

დარბაზში გამოფენილია მასალები ქართული ფოლკლორის ოქროს ფონდიდან – ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის სხვა რეკვიზიტები. ყველა ექსპონატი საქართველოს სხვადასხვა რაიონშია მოძიებული.

„ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო და ფონდ „ქართულ გალობასთან" და მეღვინეობა „შილდასთან" გაფორმებული მემორანდუმის შედეგად სრულიად უნიკალური შედეგი მივიღეთ. მათი მხარდაჭერით ორწლიანი უდიდესი შრომის შედეგად სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით", – წერს კეკელიძე.

მისი სიტყვებით, ფოლკლორის დარბაზში აღდგინეს "ჯადოსნური ჭერი, კიბე, ავეჯი", რითიც შეიქმნა საოცარი, ისტორიული გარემო. დარბაზს უხელმძღვანელებს მუსიკოსი და ფოლკლორისტი დავით შუღლიაშვილი.

სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის დარბაზში კომპიუტერებია დამონტაჟებული, სადაც წარმოდგენილია ქართული ფოლკლორის განვითარების შესახებ მასალების ციფრული ვარიანტები.

ყველა ახალი ამბავი
0