სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
ფესტივალზე მეგრული ხაჭაპურის ცხობაში გამარჯვებული გამოვლინდა - ის მარტვილის წარმომადგენელი გახდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik.  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ რუხში ხაჭაპურის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა, იუწყება პირველი არხი.

ფესტივალის მიზანია - ხაჭაპურის პოპულარიზაცია და ქვეყანაში რეგიონული ტურიზმის განვითარება.

ფესტივალზე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური და დასავლეთ საქართველოს ტრადიციული სამზარეულოს კერძები. მთავარი მოვლენა გახდა ხაჭაპურის მომზადების კონკურსი - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ცასულმა 37-მა ადამიანმა გამოაცხო მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური და თუშური ხაჭაპური. ფესტივალზე ასევე, მომზადდა ოთხმეტრიანი ხაჭაპური შამფურზე.

ფესტივალზე მეგრული ხაჭაპურის ცხობაში გამარჯვებული გამოვლინდა. ის მარტვილის წარმომადგენელი გახდა.

ღონისძიების გასართობ ნაწილში სტუმრებს ხაჭაპურის ისტორიის შესახებ უამბეს. გაიმართა ფოლკლორული მუსიკის კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბაზრობა, თაფლის, ყველისა და თხილის გამოფენა-გაყიდვა.

„ხაჭაპურის ფესტივალი” წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი “ზრდას”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0