მაესტრო ვახტანგ კახიძე ლა–სკალას ლეგენდარულ სცენაზე წარდგება

გამოწერა
მილანის საოპერო თეატრის სცენაზე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები Bruderschaft აჟღერდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე მილანის საოპერო თეატრის ლა–სკალას სცენაზე 14 ოქტომბერს საკუთარი ნაწარმოებით წარდგება, ნათქვამია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის განცხადებაში.

ლა–სკალას კამერული ორკესტრი უკვე მეორედ შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებს Bruderschaft, რომელიც დაწერილია 1996 წელს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის. ნაწარმოები მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენაზე დიდად პოპულარულია.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
კახიძეების დინასტიის კომპოზიციები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე აჟღერდება

ლა–სკალას კამერული ორკესტრი წელს წარმატებით გამოვიდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“, რომელიც ყოველწლიურად ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში იმართება.

ლა–სკალას სცენაზე ვახტანგ კახიძე იტალიელი დახვეწილი მსმენელის წინაშე პიანისტის სახით წარდგება. ორკესტრს სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდული ორკესტრისა და იუნისეფის საბავშვო ორკესტრის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი სერგეი სმბათიანი უდირიჟორებს.

ლა–სკალას კამერული ორკესტრი ისტორიას 1982 წლიდან ითვლის. ორკესტრი მილანის ორი დიდი – ლა–სკალას თეატრისა და ლა–სკალას ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსებისგან შეიქმნა. კამერული ორკესტრი მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების სცენებზე.

ლა–სკალას კამერული ორკესტრი თბილისში კონცერტს გამართავს>>

ვახტანგ კახიძე გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ჯანსუღ კახიძის ოჯახში 1959 წელს დაიბადა. 23 მარტს მან 60 წლის იუბილე იზეიმა. ვახტანგ კახიძე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. არის მრავალი პრემიის მფლობელი.

ყველა ახალი ამბავი
0