მუცოს რესტავრაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დაიმსახურა

გამოწერა
მუცოს ხეობაში კომპლექსის აღდგენის შემდეგ გაჩნდა მიგრანტთა დაბრუნებისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი, მიაჩნიათ სამინისტროში

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურული ძეგლის - მუცოს ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის „ევროპა ნოსტრას“ (Europa Nostra) საერთო ევროპული ფედერაციის ჯილდო დაიმსახურა.

საქართველომ მუცოს რესტავრაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე წარადგინა >>

2018 წელს ძეგლი ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს.

დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

რა მდგომარეობაში იყო მუცო?

მუცო საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში, ხევსურეთის შემოსასვლელში მდებარეობს. დროის დინებამ და მტრის გაუთავებელმა შემოსევებმა მუცოს მძიმე კვალი დააჩნია. ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის მასშტაბური პროექტი საქართველოს ექსპრემიერისა და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2014-დან 2018 წლამდე გრძელდებოდა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, ციხე-სოფლის რესტავრაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არქიტექტურული ძეგლის სტრუქტურა, რამაც მუცოში მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობები შექმნა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ნაგებობები მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს კომუნიკაციების კეთილმოწყობასა და ელექტროენერგიის მიწოდებას. მუცოში კომპლექსის რესტავრაციის შემდეგ გაჩნდა უკუმიგრაციისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. სოფელში უკვე დასახლდა სამი ოჯახი. ეროვნულმა სააგენტომ კი მუცოში მუზეუმი-ნაკრძალი გახსნა.

რით არის ცნობილი მუცო?

ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.

ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები.

ადგილობრივი მოსახლეობა, მეომრები და მონადირეები მთავარანგელოზ ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეები იცავდნენ ხატისთვის ნაბოძებ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, ეს საგანძური რჩეულის მოლოდინში დღემდე ინახება მთებში, მუცოს მახლობლად.

რა არის „ევროპა ნოსტრა“?

„ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. საქართველო „ევროპა ნოსტრას“ ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0