ქართველი მხატვრის ტილო eBay-ზე 120 ათას დოლარად იყიდება

გამოწერა
მხატვარმა „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი" 1945 წელს დახატა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება ინტერნეტ-აუქციონზე eBay – ნამუშევრის საწყისი ღირებულებაა 120 ათასი აშშ დოლარი.

სურათის სახელწოდებაა „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი", შესრულებულია ზეთით ტილოზე და 1945 წლით თარიღდება.

გაყიდვის პირობებში მითითებულია, რომ ნახატი ორიგინალია და არ არის დაზიანებული.

ვინ ყიდის?

სურათის გამყიდველის შესახებ ცნობილია მხოლოდ ერთი: eBay-ზე მისი ნიკნეიმია nexusparts, მას ბოლო 12 თვის განმავლობაში მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები აქვს.

„ლადო გუდიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვარი იყო. ამ ნამუშევრის საცალო ფასი საქართველოში 130 ათასი დოლარია", – აღნიშნულია სურათის აღწერაში.

ლადო გუდიაშვილი - Sputnik საქართველო
ლადო გუდიაშვილის ათწლიანი იძულებითი დუმილი, 835 ნახატი და ძალით გახსნილი გამოფენა

გამყიდველი მყიდველს ნამუშევრის მიტანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხუთ სამუშაო დღეში სთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ გუდიაშვილის ნახატის გარდა nexusparts ყიდის გამოყენებულ სმარტფონს, დრონს, ავტომობილებისა და მტვერსასრუტების სათადარიგო ნაწილებს.

ლადო გუდიაშვილი დიდი ქართველი მხატვარია. ის 1896 წელს თბილისში დაიბადა. 14 წლისამ სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სკოლაში ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თბილისში 1915 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა.

1915-1918 წლებში გუდიაშვილი გაეცნო ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას, რამაც მხატვარზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

გუდიაშვილი 1919 წელს დავით კაკაბაძესა და შალვა ქიქოძესთან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც ექვსი წელი ცხოვრობდა, ჰქონდა გამოფენები. 1925 წელს საფრანგეთში გამოვიდა კრიტიკოს მორის რენალის წიგნი, რომელიც მთლიანად ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.

ნიკო ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
შეიქმნა ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატების ვირტუალური გიდი

გუდიაშვილი მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, მორის უტრილოსთან, ამადეო მოდილიანისთან, იგნასიო სულოაგასთან, მიხაილ ლარიონოვთან და ნატალია გონჩაროვასთან. გუდიაშვილის გამოფენები იმართებოდა არა მხოლოდ პარიზში, არამედ მარსელში, ლიონსა და ბორდოში, მოგვიანებით – ლონდონში, რომში, ბრიუსელში, ამსტერდამში, ბერლინსა და ნიუ-იორკში.

გუდიაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებები ჰქონდა უცხოეთში, საქართველოდან შორს ყოფნა ვერ შეძლო და 1925 წელს თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს მან მოხატა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარი. ბევრს მუშაობდა წიგნის ილუსტრაციების ჟანრში.

ლადო გუდიაშვილის შემოქმედება და სტილი, მიუხედავად ტექნიკისა და ჟანრის მრავალფეროვნებისა, ადვილად საცნობია. ის წერდა ზეთით, გუაშით, აკვარელით, აქვს კედლების მოხატულობა, გრაფიკული ნამუშევრები, მუშაობდა შერეული ტექნიკით. მის მემკვიდრეობაშია პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული, ალეგორიული, მითოლოგიური და სხვა თემატიკა.

ლადო გუდიაშვილი 1980 წლის ივლისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ყველა ახალი ამბავი
0