პრემიერი: ქართულ საგალობლებს ქვეყნის მასშტაბით შეასწავლიან

© photo : Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა  ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა ხელს უწყობს ქართული საგალობლების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაური პარასკევს ესწრებოდა მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების კვლევის შედეგების პრეზენტაციას. ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეცნიერებს, რომლებმაც მწირი დაფინანსების პირობებში უმნიშვნელოვანეს კვლევითი სამუშაოები აწარმოეს.

ანსამბლი რუსთავი - Sputnik საქართველო
ქართული „ჩაკრულო" ევროპის საბჭოს კედლებში აჟღერდა

„ჩვენ  ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ ქართველ ერს უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენს წვლილზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქართულ მრავალხმიანობას, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორსა და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართული საგალობლების პოპულარიზაცია საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით, რათა ის მომავალ თაობებს გადაეცეს.

თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამოხატა მზადყოფნა შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი, რომელშიც უცხოელი ქართველოლოგები, მუსიკათმცოდნეები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევარები ჩაერთვებიან.

„ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერული კვლევები ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ უნიკალური ქართული სამუსიკო სისტემის ძირითადი პრინციპები და ქართული საგალობლები X საუკუნის ორიგინალთან მიახლოებული სახით აღვადგინოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნები – ნევმები უძველესი სამუსიკო ნიშნებია და საგალობლების მოტივებს სწორედ მათი გამოყენებით წერდნენ. ნევმური სისტემით დაინტერესდნენ მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართულ საგალობლებს მეცნიერულ დონეზე იკვლევდნენ.

მეცნიერთა ინტერესი ნევმური სისტემით ჩაწერილი საგალობლების მიმართ მრავალი წელი არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერს უმუშავია. თუმცა ნევმების საიდუმლოს ახსნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლებელი აღმოჩნდა.

Aerosmith-ი ქართული მრავალხმიანობით დაინტერესდა >>

ქართული მრავალხმიანობა 2018 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0