თბილისის ბიბლიოთეკები ახალ სიცოცხლეს შეიძენენ

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeწიგნების საცავი
წიგნების საცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ხელისუფლება ქალაქის ბიბლიოთეკების მკითხველის ინტერესებზე მორგებას გეგმავს

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. სრულდება თბილისის ბიბლიოთეკების მულტიფუნქციურ ცენტრებად გარდაქმნის პირველი ეტაპი. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ისაუბრა.

თბილისში 36 ბიბლიოთეკა მოქმედებს. მათ გარდა, 2013 წლიდან ქალაქში ფუნქციონირებს სამი თანამედროვე მედიათეკა: ვაკის პარკში, ვარკეთილის რაიონში და ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა დასვენების პარკში. სამივე ფილიალში 20 ათასზე მეტი წიგნია დაცული. მედიათეკებში განთავსებულია სამკითხველო დარბაზები, კომპიუტერული სივრცეები და მულტიმედიური ოთახები.

„მიმდინარე კვირას სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკების ადაპტაციას მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებთან, სადაც უკვე გაერთიანებულია სამი მედიათეკა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს ერთ სტრუქტურად“, - განაცხადა ხუნწარიამ და დასძინა, რომ დაგეგმილია ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს

თბილისის მერის მოადგილის თქმით, იგი წუხს იმის გამო, რომ ზოგიერთმა ბიბლიოთეკარმა პროტესტი გამოთქვა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ რეფორმა მიზნად ისახავს ქალაქის ბიბლიოთეკებში ვითარების გამოსწორებას და არა თანამშრომლების გათავისუფლებას. ხუნწარიამ ხაზი გაუსვა, რომ რეფორმა, პირველ რიგში, ტარდება იმისთვის, რომ ბიბლიოთეკები გარდაიქმნას კულტურულ ცენტრებად და გაიზარდოს მკითხველთა რაოდენობა.

„თბილისში ორი ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ეს იქნება მულტიფუნქციური შენობები დიდ დიღომსა და ვარკეთილში, სადაც შენობის მთავარი ნაწილი სწორედ მედიათეკას დაეთმობა. ვფიქრობ, ჩვენი რეფორმა წარმატებით დასრულდება და ბიბლიოთეკარებთან ერთად შევძლებთ მკითხველების რაოდენობის გაზრდას“, - აღნიშნა ხუნწარიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის ბიბლიოთეკებში შექმნილ ვითარებას არასახარბიელო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სფერო რეფორმირებას საჭიროებს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ბიბლიოთეკების გადატანას მედიათეკებში. დღევანდელი ვითარება ბიბლიოთეკებში მართლაც არასახარბიელოა. მკითხველს იქ შესვლისა და წიგნის წაკითხვის არავითარი სურვილი არ გაუჩნდება. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მედიათეკა - საჯარო ბიბლიოთეკების თანამედროვე სახელწოდებაა. მედიათეკის ფონდებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები და წიგნებია დაცული: ბეჭდური, ელექტრონული, მულტიმედიური. აქვეა მათი შენახვისა და გამოყენებისათვის აუცილებელი მოწყობილობები, ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ასევე კომპიუტერული ქსელისა და ინტერნეტის მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0