ცნობილმა გიტარისტმა პეტ მეთინიმ თბილისელებს ორი ჯაზ-საღამო აჩუქა

© courtesy of Tbilisi Jazz Festival / George Nakashdzeპეტ მეთინი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე თბილისში
პეტ მეთინი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ადრე უნდა ჩამოვსულიყავი“, - განაცხადა ამერიკელმა ჯაზმენმა

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ცნობილმა ჯაზ-გიტარისტმა, კომპოზიტორმა და 20 „გრემის“ მფლობელმა პეტ მეთინიმ თბილისელებს ულამაზესი ჯაზ-მუსიკის ორი საღამო აჩუქა - ამერიკელი ვარსკვლავი ჯაზ-მუსიკის თბილისის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ჰედლაინერი გახდა.

პირველ საღამოს, რომელიც საკლუბო სივრცე Event Hall-ში 1 მარტს შედგა, მუსიკოსმა საათნახევრიან კონცერტზე შეასრულა თავისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციები - Message To A Friend, Unity Village, So May It Secretly Begin, Bright Size Life, Question And Answer, Travels და სხვ.

„საქართველოში ჯაზი ცოცხლობს": თბილისში ჯაზ-ფესტივალი დაიწყო >>

მეთინიმ თავის ცნობილ 42-სიმიან და სამგრიფიან გიტარაზე „პიკასო“ იმპროვიზაციის უნიკალური ნიჭით მაყურებელი გააკვირვა. გიტარისტს ის 30 წლის წინ აჩუქა კანადელმა ოსტატმა ლინდა მანზერმა, რომელიც გიტარის შექმნაზე ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს შემოქმედებამ შთააგონა.

ამ საღამოს პეტ მეთინთან ერთად გამოვიდნენ კონტრაბასისტი დერეკ ოლეჟკიევიჩი და დრამერი ჯონატან ბარბერა. ამერიკელმა მეორედ იმღერა თავისი ჰიტი Are You Going With Me. კონცერტის დროს პეტ მეთინიმ ხუთი გიტარა გამოიცვალა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა ჩამოვედი თბილისში, ეს პრივილეგია ჩემთვის ვიყო ასეთი შესანიშნავი მაყურებლის წინაშე“, - მიმართა მეთინიმ მაყურებელს.

მეორე საღამოზე 2 მარტს გიტარისტი ფილარმონიის სცენაზე წარდგა. მას აკომპანემენტს უწევდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრი დირიჟორისა და კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. ამ საღამოს მაყურებელმა პირველად მოისმინა მეთინის ბოლო მუსიკალური პროექტი Missouri Skies and More, რომლის საორკესტრო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.

63 წლის პეტ მეთინის მეორე კონცერტი ორ საათს გაგრძელდა. გამოსვლის ბოლოს მუსიკოსმა ასე მიმართა მაყურებელს: „თქვენ საოცარი მაყურებელი ხართ და შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ. აქ ადრეც უნდა ჩამოვსულიყავი“.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი დედაქალაქში 28 თებერვალს გახსნა ახალმა პროექტმა „თბილისის ბიტ ბენდი და ნიუ ჯენერეიშენი“ (Tbilisi Big Band & New Jazz Generation) და 3 მარტს მეთინისა და სიმფონიური ორკესტრის ერთობლივმა კონცერტმა დახურა.

ჯაზ-ფესტივალი თბილისში პირველად 1978 წელს ჩატარდა. პროექტი შემდეგ წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 1998 წელს ტრადიცია აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა ენთუზიასტმა მეგობარმა დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0