ანსამბლ „რუსთავს" ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

გამოწერა
ანსამბლი ოსტატურად ასრულებს ქართულ და კავკასიურ ცეკვებს. ნომრების ქორეოგრაფია უმაღლესი კლასის პროფესიონალებს ეკუთვნით.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის" ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ანზორ ერქომაიშვილმა ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა>>>

ნატროშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ანზორ ერქომაიშვილი შეცვალა, რომელიც ანსამბლის სიმღერის გუნდს თითქმის 50 წელია ხელმძღვანელობდა.

ერისიონი - Sputnik საქართველო
„ერისიონი" „სუხიშვილების" კვალდაკვალ - ანსამბლი საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება

რაც შეეხება გიორგი ნატროშვილს, იგი 30 წელია „რუსთავის" წევრია, რომელიც ანსამბლში ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლ „მართვედან" მოხვდა. ნატროშვილს დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟრო ფაკულტეტი.

„წელს ანსამბლს 50 წელი შეუსრულდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ცნობადობისა, საჭიროა ახლებური ხედვა და განვითარება, ახალი გამოწვევების მიღება და ზოგადად სიახლეები. თუმცა, ჩვენი რეპერტუარი და ფასეულობები უცვლელი დარჩება",- განაცხადა გიორგი ნატროშვილმა.

რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის ანსამბლში რჩება და მუსიკალური ხელმძღვანელი იქნება.

„1968 წლიდან ანსამბლს ვუდგავარ სათავეში. მალე 80 წლის გავხდები. საჭირო იყო ახალი ძალა და შემართება, რაც ახალგაზრდების და ზოგადად მომავალი თაობის პრეროგატივაა. გიორგი ნატროშილის არჩევა დემოკრატიული გზით მოხდა და ანსამბლის წევრებმა სამხატვრო ხელმძღვანელად სწორედ გიორგი აირჩიეს. წარმატებას ვუსურვებ მას. მე ვრჩები ანსამბლში მუსიკალურ ხელმძღვანელად",-აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი - მომღერალი, ფოლკლორისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1980), აქტიურად იკვლევდა და სწავლობდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ანზორ ერქომაიშვილი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ „რუსთავის" საწყისებთან იდგა, რომელიც 1968 წელს შეიქმნა.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია

ანსამბლს აქტიურად აქვს გასტროლი როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე უცხოეთში. მისი თითოეული წევრი არის სოლისტიც და გუნდის წევრიც. რეპერტუარში აქვთ მრავალხმიანი როგორც ხალხური სიმღერები, ისე საგალობლები.

ანსამბლი ოსტატურად ასრულებს ქართულ და კავკასიურ ცეკვებს. ნომრების ქორეოგრაფია უმაღლესი კლასის პროფესიონალებს ეკუთვნით.

„რუსთავი" მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ხუთი ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული, მათ შორის ტოკიოში, იუნესკოს 60 წლის იუბილეზე, ლონდონის „სამეფო ალბერტ ჰოლში", პარიზის „ოლიმპიაში", ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში" და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0