თბილისში ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება

გამოწერა
საიუბილეო კონცერტების სერიას ლეგენდარული მუსიკოსის ვაჟი ვახტანგ კახიძე გახსნის.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისში მარტში ცნობილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ჯანსუღ კახიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტების სერია ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

მუსიკალური საღამოები კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება.

პირველი კონცერტი 7 მარტს – მუსიკოსის გარდაცვალების დღეს გაიმართება. საღამოზე გამოვლენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი", მომღერალი ეკა მამალაძე.

„წელს ეს კონცერტი გახსნის ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიას, რომლითაც იგი პატივს მიაგებს მამის ხსოვნას და წარმოაჩენს თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს. ამ კონცერტში ვახტანგ კახიძე წარდგება როგორც დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი და სიმღერების საორკესტრო არანჟირებების ავტორი", – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანსუღ კახიძე - Sputnik საქართველო
ჯანსუღ კახიძე – ჰანგებად დაღვრილი კაცი

მეორე კონცერტი გაიმართება 10 მარტს, რომელზეც აჟღერდება კახიძის სიმფონიური ნაწარმოებები. ასევე სხვა კონცერტები გაიმართება 17 მარტს (კამერული მუსიკის) და 23 მარტს (ვოკალური).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჯანსუღ კახიძის ცენტრის სალაროებსა და ონლაინ, ვებ-გვერდზე www.biletebi.ge.

ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის მუსიკა უამრავი კინოფილმისთვის; შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა გია ყანჩელთან – კახიძემ შეასრულა და ჩაწერა კომპოზიტორის ყველა სიმფონია. კახიძე გამოდიოდა საზღვარგარეთ: დირიჟორობდა ბავარიის რადიოს ორკესტრს, ლონდონის, ვაშინგტონის, ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის სიმფონიურ ორკესტრებს, ასევე მილანის ლა სკალას ორკესტრს. მისი სადირიჟორო ჯოხი ჯუზეპე ვერდის სახლ-მუზეუმში ბუსეტოში ინახება.

ჯანსუღ კახიძე 1936 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ყველა ახალი ამბავი
0