„ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი" – მაღალაშვილი კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

გამოწერა
ზურაბ მაღალაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში კინოცენტრის ბიუჯეტი 4,7 მილიონიდან 7,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავად დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე.

მაღალაშვილმა, რომელიც კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტს სამი წელი იკავებდა, მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს და აღნიშნა, რომ გასული პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და, ამავდროულად, ყველაზე საინტერესო იყო.

„ვცდილობდი ვყოფილიყავი ობიექტური, მიუკერძოებელი და დავმდგარიყავი პირად სიმპათიებსა და ურთიერთობებზე მაღლა. მოხარული ვარ, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ კიდევ უფრო წინ წაგვეწია ქართული კინოინდუსტრია. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება კი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე", – დაწერა მაღალაშვილმა.

რთული საკითხებიდან, რომლებთან შეჯახებაც მოუწია, მაღალაშვილი ასახელებს აჭარის რეგიონული ფონდის შექმნას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული კინოწარმოების საკითხში მონაწილეობის თემას. ამ თემებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, რადგან საქართველოში ეროვნული კინემატოგრაფიის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები უნდა გაჩნდეს, მიიჩნევს მაღალაშვილი.

თანამედროვე კინოთეატრი iMax თბილისში - Sputnik საქართველო
ფოკუსი საქართველოზე: ფესტივალს შვეიცარიაში ქართულ კინემატოგრაფიას მიუძღვნიან

ზურაბ მაღალაშვილმა დეტალურად შეაჯამა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევები მისი ხელმძღვანელობის პერიოდში. ამ მიღწევებს შორის ის აღნიშნავს მოსკოვის ფილმების ფონდიდან ქართული ფილმების ასლების დაბრუნებას სამშობლოში, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების დაფინანსების ზრდას, მისი ინიციატივით ახალგაზრდა პროდიუსერების პროგრამების ამოქმედებას, რომლებსაც ყოველწლიურად აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ А-კლასის ფესტივალების ინდუსტრიულ ფორუმებში, ქართული კინოს განვითარებაში ეკონომიკის სამინისტროს ჩართვას, საქართველოს კინოარქივის გაციფრულებას და სხვა მრავალს.

მთავარ მიღწევად მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის ერთნახევარჯერ ზრდას ასახელებს.

„ჩემი დირექტორად დანიშვნისას კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენდა 4 700 000 ლარს, დღეს ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენს 7 500 000 ლარს, მიმდინარეობს პროცესი ბიუჯეტის გაზრდის მიმართულებით და, იმედი მაქვს, წლევანდელი ბიუჯეტი გაიზრდება კიდევ 900 000 ლარით", – აღნიშნავს ის.

დადგა დრო, როცა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს სათავეში უნდა ჩაუდგეს ნამდვილი პროფესიონალი, რომელმაც ქართული კინოინდუსტრია მოწინავეთა რიგებში უნდა გაიყვანოს, აღნიშნავს მაღალაშვილი.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
როტერდამის კინოფესტივალზე  ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი

„მიმაჩნია, რომ ახალი დირექტორი ღრმად უნდა ერკვეოდეს კინოწარმოების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე კეთილშობილურმა, საჭირო და აუცილებელმა გადაწყვეტილების მიღებამ გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ინდუსტრიას. მე ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველანაირად მხარში დავუდგე, გავუზიარო გამოცდილება ახალ დირექტორს", – აცხადებს ზურაბ მაღალაშვილი.

მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად 2016 წლის აპრილში დაინიშნა. ამ პოსტზე მან ნანა ჯანელიძე შეცვალა.

ზურაბ მაღალაშვილი 1967 წლის 15 დეკემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ) ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა.

მაღალაშვილი გადაღებულია ფილმებში „სვანი", „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუა", „ჩაკლული სული", „ოსკარი", „ფარშევანგი", „სიბრძნე სიცრუისა" და სხვ.

მაღალაშვილის მეუღლეა ცნობილი ქართველი რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0