ქუთაისი კინომოყვარულთა ეპიცენტრი გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის სალაროები
კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში მომავალი წლიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება იგეგმება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში 16-19 ნოემბერს გაიმართება ქართული კინოს ფორუმი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ახალი ქართული ფილმების ნახვა, რომლებიც დიდ ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა.

ფორუმის პროგრამაშია როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური სურათების ჩვენება.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მასმედიის წარმომადგენლები", – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ ქუთაისის კინოფორუმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი „თეთრი ხიდის" დაანონსება, რომლის ჩატარებაც ქუთაისში 2019 წლიდან ყოველწლიურად იგეგმება.

ჩიკაგო, თეატრი - Sputnik საქართველო
ქართულ კინოს ჩიკაგოში აჩვენებენ

ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორი, ქუთაისში დაბადებული და ამ ქალაქის გულშემატკივარი რეზო გაბრიაძე ვიდეომიმართვის საშუალებით ისაუბრებს. ქუთაისის კინოფორუმი სწორედ რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ფორუმის ქუთაისში ჩატარება სიმბოლურია კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქალაქში 1886 წელს დაიბადა რეჟისორი ვასილ ამაშუკელი, რომელიც ქართული კინოს ერთ-ერთი პირველი მოღვაწეა. ისაა ავტორი პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში".

კინოფორუმზე გაიმართება სემინარი კინოკრიტიკოსებისა და კინობლოგერებისთვის, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში" ფარგლებში.

ქართული კინოს ფორუმს წარმოადგენს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქუთაისის მერიასთან ერთად.

 

ყველა ახალი ამბავი
0