კვიპროსმა საქართველოს მილიონი ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა

© FB / State Agency For Religious Issuesღალია (ჟალია). ქართული მონასტერი კვიპროსზე
ღალია (ჟალია). ქართული მონასტერი კვიპროსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღალიის სამონასტრო კომპლექსი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ის მე-11 საუკუნეში დაარსდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. კვიპროსმა საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიის (ჟალიის) ღვთისმშობლის ქართულ სამონასტრო კომპლექსს ესაზღვრება, ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

ეკლესიის ან მონასტრის მშენებლობის მიზნით საქართველოს მფლობელობაში გადმოეცა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ღირებულებაა 260 ათასი ევრო, ხოლო საბაზრო ფასი 1 მლნ ევროს შეადგენს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, რეგისტრაციის თარიღად კვიპროსის ხელისუფლებამ სიმბოლურად მიუთითა 04.01.2018 – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღე, რადგან სწორედ მას ეკუთვნის უნიკალური ტაძრის შესწავლისა და შემდგომი რესტავრაციის იდეა კვიპროსზე 2001 წელს ვიზიტის დროს.

ღალიის სამონასტრო კომპლექსი 1060-1070-იან წლებში დაარსდა. განთავსებულია კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთით. მონასტერმა, რომელშიც ქართველი ბერები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, არსებობა მე-16 საუკუნის მიწურულს შეწყვიტა, როდესაც კვიპროსი ოსმანთა იმპერიამ დაიპყრო. შედეგად ტაძრისგან მხოლოდ ნანგრევები შემორჩა.

მონასტერში არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები 2006 წლიდან მიმდინარეობს. კვიპროსელი და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მონასტრის მთელი ტერიტორია გაიწმინდა. სამუშაოების დროს აღმოაჩინეს და გაწმინდეს ქალწულ მარიამის ეკლესია, XIII-XIV საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.

სამუშაოები დააფინანსა ორივე მხარემ: ქართულმა მხარემ - კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდ „ქართუს" დახმარებით, ხოლო კვიპროსის მხარემ - საკონსერვაციო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0