კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ: საქართველოში პოლონელი კომპოზიტორის მემკვიდრეობას ეძებენ

© Pixabay / GregMontaniძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნიჭიერი კომპოზიტორის საქართველოში ცხოვრების მკვლევარი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით „კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ", რომლის მონაწილეები ქვეყანაში მოიძიებენ ცნობილი პოლონელი კომპოზიტორის, ვირტუოზი მევიოლინისა და პედაგოგის კონსტანტინე გორსკის მემკვიდრეობას.

გორსკი არის მრავალი რომანსის, ოპერისა და ინსტრუმენტული ნაწარმოების ავტორი. დაიბადა ბელარუსში. მუსიკალური განათლება ვარშავაში მიიღო. 1890 წელს მან დაიწყო რვაწლიანი მოგზაურობა რუსეთსა და საქართველოში.

კონკურსანტები სწორედ კომპოზიტორის თბილისში ყოფნისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს მოძებნიან. ესაა მისი ნაწარმოებების ნოტები, დღიურები, დოკუმენტები, სტატიები, აფიშები, პლაკატები, ფოტოები და სხვ.

„იმის გამო, რომ ამ კომპოზიტორის სახელი უსამართლოდ მიეცა დავიწყებას პოლონეთშიც კი და აქამდე არ ჩატარებულა კვლევა საქართველოში მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვოთ საინტერესო, დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები, ხელოვანის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები", – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

პეტრე ჩაიკოვსკი თბილისში - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. მთავარია, დამოუკიდებლად მოიძიონ მასალები გორსკის შესახებ, დაასკანერონ ან ფოტო გადაუღონ მას, დაურთონ აღწერა და 5 ნოემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე GorskiwTbilisi@gmail.com. განაცხადები მიიღება ქართულ, პოლონურ ან რუსულ ენებზე.

კონკურსის ორგანიზატორები არიან ასოციაცია TAK! და პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია", აქცია მიმდინარეობს საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკევიჩის პატრონაჟით. ღონისძიება პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება.

კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული ნოემბერში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დასახელდება.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები, სუვენირები, ხოლო გამარჯვებულს – ჯილდოები კონკურსის პოლონელი და ქართველი სპონსორებისგან. გამარჯვებულისთვის ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ორი ჯილდო, აქედან ერთი კრაკოვის მერიის პრიზია – ფოტოაპარატი.

 

ყველა ახალი ამბავი
0