ქართველი პიანისტი ბეთჰოვენის კომპოზიციას გერმანიაში დაუკრავს

© FB / Dudana Mazmanishviliდუდანა მაზმანიშვილი
დუდანა მაზმანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუდანა მაზმანიშვილმა მსმენელისთვის ბეთჰოვენისა და დვორჟაკის ნაწარმოებები მოამზადა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. წარმატებული ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი 27 სექტემბერს ქალაქ პოტსდამში (გერმანია), პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ Nikolaisaal-ში კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით პიანისტი შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის №3 კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. სცენაზე ასევე გაჟღერდება ანტონინ დვორჟაკის №9 სიმფონია.

საღამო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული პროგრამის ფარგლებში შედგება, რომელიც წელს ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

დუდანა მაზმანიშვილი თბილისში დაიბადა. სამი წლის დუდანას ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები დედამ, თამარ აფაქიძემ ჩაუტარა. რვა წლის გოგონა კი უკვე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად უკრავდა. 1998 წელს ელისო ვირსალაძემ დუდანა სასწავლებლად მიუნხენში მიიწვია. 2005 წელს მან სწავლა ნიუ-იორკში ჯერომ როუზთან გააგრძელა.

მაზმანიშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა საკმაოდ ვრცელია: ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი პარიზში, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი; ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მილანში; აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი მიუნხენში, ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში...

2018 წელს დუდანამ ფირფიტა გამოუშვა, რომელშიც შუმანის მუსიკაზე შექმნილი კომპოზიციებია შესული.

 

ყველა ახალი ამბავი
0