თბილისში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ექსპონატი გამოიფინა

© photo: Sputnikშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა

თბილისი, 24 სექტემბერი— Sputnik.  შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი  ჭედური ყდით, რომელიც მოოჭვილია ძვირფასი ქვებით, თბილისის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა.

 „ძვირფასი გამოცემის“ ავტორი მსოფლიოში აღიარებული ქართველი სკულპტორი და იუველირი გუჯი ამაშუკელია.

ამაშუკელი თანამედროვეობის გამოჩენილი ოსტატია. მის დამკვეთთა შორისაა კათოლიკური ეკლესიის მეთაური. მისი ნამუშევრები ინახება ვატიკანის მუზეუმში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზისა და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ასევე ნანტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებში, ასევე ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში. 

აღსანიშნავია, რომ გუჯი ამაშუკელი  საფრანგეთში 44–წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოს პირველად ეწვია.

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, უნიკალურ ეგზემპლარზე ამაშუკელი 2017–2018 წლებში თბილისსა და პარიზში მუშაობდა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა - სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი და ასევე მეტეორიტის ქვები. 

პროექტზე მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფი მუშაობდა. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ.

ამაშუკელის შედევრის დათვალიერება თბილისში 25 სექტემბერსაც იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ ექსპონატი აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაეროს არტ–კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. 

გუჯი ამაშუკელი თბილისში დაიბადა.  სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე, შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური რეჟისორის, ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე.  ისინი მრავალი წელი ცდილობდნენ საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლას და მხოლოდ 1974 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის წყალობით, წყვილს პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს.

საფრანგეთის დედაქალაქში გუჯი ათეულობით წლის განმავლობაში მონმარტზე სახელოსნოში მუშაობდა. საფრანგეთში იგი გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji.

ყველა ახალი ამბავი
0