გურჯაანში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

გამოწერა
1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის  სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. სახლის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები. იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი საგამოფენო სივრცით და საკონფერენციო დარბაზით.  საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს დღეს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა წმინდანის ცხოვრებას დაბადებიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე.

მამა გაბრიელი - Sputnik საქართველო
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე

მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება პროექტის ღირებულება 400 ათასი ლარია.

თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. 1921 წელს საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად ის ბერლინში გაგზავნეს, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მან 12–ზე მეტი ენა ისწავლა.

გრიგოლ ფერაძე 1931 წელს ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. იქვე ეკურთხა დიაკვნად, საიდანაც პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებლის ეპოქის უნიკალური დოკუმენტები ქუთაისში გამოიფინება

მოგვიანებით მამა გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

გრიგოლ ფერაძე: მართლმადიდებლობა ღირებულებაა – ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც >>

1995 წელს, მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


ყველა ახალი ამბავი
0