მცხეთაში ნავთობსადენის სადგურს კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of Georgiaნავთობსადენის გადასატუმბი შუალედური სადგური
ნავთობსადენის გადასატუმბი შუალედური სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობსადენის ქვესადგურთან ერთად მომსახურეთათვის ამავე სტილით ორი საცხოვრებელი სახლი აიგო.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მცხეთაში ნავთობსადენის გადასატუმბ შუალედურ სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბაქო-ბათუმის ნავთობპროდუქტების სადენის მშენებლობა 1897–1907 წლებში ცნობილი კონსტრუქტორისა და მეცნიერის ვლადიმირ შუხოვის პროექტით განხორციელდა. ის იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი სადენი იყო (835 კმ, მილის დიამეტრი d–200 მმ, ტრასაზე 16 შუალედური გადასატუმბი ქვესადგურით).

ერთი ქვესადგური მცხეთასთან აიგო სადგურის მომსახურეთათვის განკუთვნილ ორ საცხოვრებელ სახლთან ერთად. ეს სახლები საცხოვრებელი მასალითა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით ქვესადგურის სტილს იმეორებს. სახლებს დღესაც საცხოვრებლად იყენებენ (გვიანდელი არაერთი მიშენებითა და გადაკეთებებით).

ქვესადგური სწორკუთხა გეგმისა იყო, გარე ზომებით 33,0X17,5 მ. ფასადები აგურის ჭადრაკისებური ან ხერხულა წყობით გამოყვანილი დეკორითაა გაცოცხლებული. ფასადებზე მეტალის ჩამოსხმული წრიული დისკოებია ჩასმული. გრძივ ფასადებზე ღიობების ორი რიგია, ქვედა რიგი მაღალია – 2.42 მ, ზედა რიგი – 0.71 მ. რიგებს შუა კარნიზები მოწითალო ფერისაა.

სარდაფში (სიმაღლე სავარაუდოდ 2.25-2.40 მ) ნავთობის გასაცხელებლად მოწყობილი აგურის საკმაოდ დიდი 12 შეწყვილებული ღუმელი დღესაც არის.

1962 წელს აქ ამუშავდა კავშირგაბმულობის ხელსაწყოების ფაბრიკა.

სადგურის დარბაზი ორსართულიან საამქროდ გადაკეთდა (ქვედა საამქროს სიმაღლეა 3.87 მ, ზედა საამქროს სრული სიმაღლე – 6.27 მ), დაემატა მცირე ზომის ლიფტი და მეორე სართულზე ასასვლელი ორმარშიანი კიბე.

სადგურის წინ (ჩრდილოეთით) ფაბრიკისთვის აიგო ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა.

„ვლადიმერ შუხოვმა მის მიერ შექმნილი ფრქვევანას (форсунка) გამოყენებით პირველმა დანერგა თხევადი საწვავის ჩირაღდნისებური წვით მაზუთის გაცხელება–გათხევადება და მილსადენით გატარება. მანვე, რუსეთის იმპერიაში პირველმა, დანერგა ნავთობისათვის მოქლონებით ნაჭედი დიდი ტევადობის რეზერვუარის აგება. ასეთი დიდი ტევადობის რეზერვუარი მცხეთის ნავთობგადასატუმბ სადგურთანაც იყო, მაგრამ 1992 წელს „დაიკარგა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0