მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში ქვის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ტაძარი - რესტავრაცია
მეტეხის ტაძარი - რესტავრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს დასავლეთის ფასადის, დაზიანებული ქვების კონსერვაცია, ასევე განშრევებული და გაფხვიერებული ზედაპირების კონსოლიდაცია.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (დასავლეთი ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წლის აპრილში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (დასავლეთი ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების შუალედური ანგარიში იქნა წარმოდგენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები მიზნად ისახავს დასავლეთის ფასადის, დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული და განშრევებული ზედაპირების კონსოლიდაციას, წინა პერიოდის ამორტიზირებული სარესტავრაციო ჩარევების მექანიკურ მოხსნას და ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.

პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა კუპრაშვილია, ხოლო სამუშაოებში ჩართულები არიან რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.

ამ დროისთვის ტაძრის დასავლეთ ფასადზე შეინიშნება გარკვეული დაზიანებები. ქვის ზედაპირი არის აქერცლილი და სახეშეცვლილი.

„2018 წლის ხელშეკრულების თანახმად მიმდინარეობს შემდეგი საკონსერვაციო სამუშაოები: ქვის ზედაპირის კონსოლიდაცია-წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მექანიკური მოცილება; ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქცია კირხსნარით; ქვის წყობას შორის არსებული ნაკერების ინექტირება“, — ნათქვამია განცხადებაში.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია თბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. ისტორიული ცნობებით, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ვახტანგ გორგასლის მიერ, 480 წელს იქნა აშენებული.


ყველა ახალი ამბავი
0