ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
ციხე-სიმაგრე XVII-XVIII საუკუნეების სწორკუთხედი ფორმის ნაგებობაა და კვადრატს უახლოვდება.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. კახეთში ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. ბრძანება ძალაში ამ დღეებში შევიდა.

ციხე-სიმაგრე – ციხე–გალავანი კახეთის XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვისთვის განკუთვნილი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა, რომელიც მოხსენებულია არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ წყაროებში.

ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. ის ვაკე ადგილზე დგას, არის სწორკუთხა ფორმის და კვადრატს უახლოვდება. ციხის გაფორმებისთვის გამოყენებულია ქართული აგური.

გალავნის ოთხივე კუთხეში მთელი კორპუსით გარეთ გასული მრგვალი კოშკებია, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლების შუაში – ნახევარწრიული, ხოლო აღმოსავლეთის კედლის შუაში – სწორკუთხა კოშკი. აღმოსავლეთის კოშკი ამავე დროს ციხის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა.

კოშკები ყველა სამსართულიანია. სართულები საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისაა. გალავანი ორ- და სამიარუსიანია. პირველი იარუსის კედლები გაცილებით სქელია, ზემოთა იარუსებზე კედლები უფრო თხელი ხდება. იარუსები საბრძოლო ბილიკების როლს ასრულებდა. 

ისტორიულ წყაროებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ციხეს 20 მეტრის დაშორებით გარედან მეორე გალავანი ჰქონია, თუმცა ახლა მისგან აღარაფერია დარჩენილი.

ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას, მაგრამ ბოლოს თოფის წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები, რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას, ყმობიდან გათავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდნენ, რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0