Tbilisi Open Air – 2018 წლის ზაფხულის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი

გამოწერა
დღეს Tbilisi Open Air – ეს არის ყველა ასაკის მელომანისათვის უსაყვარლესი, ხარისხიანი, მასშტაბური და მრავალფეროვანი მუსიკალური ფესტივალი

ცხრა წლის წინ კი ეს იყო მოკრძალებული მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით „ალტერვიზია“, რომელიც ერეკლე მეორის და შარდენის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილობრივი ჯგუფების მონაწილეობით „ევროვიზიის“ საპასუხოდ ჩატარდა, რომელზეც ქართველი მონაწილეები არ დაუშვეს სიმღერით We Don"t Wanna Put In.

2018 წელს ფესტივალმა მაყურებელი სხვადასხვა სტილის მუსიკით და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით გაახარა. აი როგორ შეაფასა ფესტივალი პირველ დღეს „რადიო თავისუფლების “ ჟურნალისტმა.

„როგორც შარშან, წელსაც ფესტივალი ძალიან მრავალფეროვანია, უკვე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ჯგუფი, ძალიან ბევრი არტისტია. და სამი დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ყველას შეუძლია მოუსმინოს სასურველ მუსიკას“, — განაცხადა ჟურნალისტმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში.

მისი დაკვირვებით, საფესტივალო ქალაქ Lisi Wonderland-ის ტერიტორია კომფორტულად არის მოწყობილი: არის კაფე-ბარები საშუალოზე დაბალი ფასებით, დასვენებისთვის არის ჰამაკები, პუფები, სხვადასხვა გასართობი ზონა და სხვ.

საინტერესო დაკვირვება — ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. Tbilisi Open Air-ს უამრავი ბავშვი მშობლებთან ერთად სტუმრობს. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მშობლებთან ერთად 10 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე შესვლა უფასოა, ხოლო 10 წელს ზემოდ — ფასიანია, როგორც მოზრდილებისთვის. 

დრონიდან გადაღებული საფესტივალო ქალაქი ასე გამოიყურება:

დღე პირველი:

KayaKata – ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი, პირველი დღის ჰედლაინერი. ჯგუფი, რომელსაც გამოარჩევს კონტრასტული და ორიგინალური შესრულება, ორკესტრის თანხლებითაც მღეროდა.

ფესტივალის გახსნის დღეს უცხოური ჰედლაინერი იყო ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevda Alizadeh, რომელიც უფრო ცნობილია როგორც Sevdaliza. ღია ტყავის კოსტიუმში, ამორძალის მსგავსი სევდალიზა მღეროდა მიკროფონში, რომელიც თაიგულივით ყვავილებით იყო მორთული. შემსრულებელს უკვე მეორე წელია ფესტივალში ავანგარდი და ქარიზმატული აღმოსავლური ესთეტიკა შემოაქვს.

გახსნაზე ქართული ჯაზი რეზო კიკნაძის შესრულებით ისმოდა.

ოთხ სხვადასხვა სცენაზე — Main Stage, Night Stage, Golden Stage, Private Bay Stage წარდგნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიცაა Che Lingo, Eko & Vinda Folio, Toyshen, Slimka, Beardyman, Cleveland, Roman Flügell, Autumn Tree [LEON], Gio Shengelia, Vako T b2b Mzhavia, Avalon, Fungus Funk, Katana, Acidwave და Ritmo.

დღე მეორე

Tbilisi Open Air 2018-ის მეორე დღის ჰედლაინერები გახდნენ ირლანდიელი ავტორი შემსრულებელი და მუსიკალური პროდიუსერი როიზინ მერფი (Róisín Murphy). მან ელექტრი-პოპის და ექსპერიმენტალ-პოპის სტილის მუსიკა შეასრულა.

მეორე დღეს ფესტივალის სცენებზე წარდგნენ ასევე ამერიკელი მომღერალი Rachael Yamagata, ფრანგული ბენდი PAPOOZ, ასევე ქართული ჯგუფები MokuMoku და Killages.

წვიმის მიუხედავად, ფესტივალის ფანებს ქალაქი არ დაუტოვებიათ და საწვიმრებში ჩაცმულებმა მუსიკალური მხიარულება განაგრძეს.

დღე მესამე

დღეს, დახურვის დღეს, ყველა მოულოდნელად ელოდება ბრიტანულ მომღერალს, მუსიკოსს და კომპოზიტორ ტომ ოდელს, რომელიც თბილისში ახალ ალბომს Wrong Crowd წარადგენს. ეს მეორე სრულფორმატიანი ალბომია, რომელიც ტომმა ციფრული და კომპაქტ-დისკების გარდა, ვინილის ფირფიტებზე და კომპაქტ-კასეტებზე გამოუშვა.

ფესტივალის დახურვაზე ასევე მოუსმენთ R.O x Konoba, Super Flu, Salio, Sophie Villy, Green Room, Nuno Dos Santos, Anthill და სხვა მუსიკოსებს.

აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air-ს ყოველთვის ემსახურება უფასო ტრანსპორტი. წელსაც სამი დღის განმავლობაში უფასო ავტობუსები მეტრო „დელისიდან“ Lisi Wonderland-მდე და უკან ყოველ 10-15 წუთში დადიან. ტრანსპორტი 14:00 საათიდან 01:00 საათამდე მუშაობს. ამაზე თბილისის მერიამ იზრუნა.


ყველა ახალი ამბავი
0