20:06 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
პრემია ნიკა

ელდარ შენგელაიას „სავარძელი" კინოპრემია „ნიკაზეა" წარდგენილი

© photo: Sputnik / Alexey Kudenko
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (740)
13010

ფილმი „სავარძელი" - აბსურდული სატირული ტრაგიკომედიაა მინისტრზე, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერი დაკარგა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი რუსეთის კინემატოგრაფიის პრემია „ნიკაზე" „დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმის" კატეგორიაშია წარდგენილი.

კინემატოგრაფიული პრემია „ნიკას" დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში 1 აპრილს გაიმართება.

ქართულ ფილმთან ერთად ამ ნომინაციაში კიდევ ოთხი ფილმი მონაწილეობს — „ზარი მამასთან" (ყაზახეთი), „კენტავრი" (ყირგიზეთი), „მაისის ბოლო დღე" (მოლდოვა) და „ნათესავები" (ლატვია, ესტონეთი, უკრაინა).

ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი" — აბსურდული სატირული ტრაგიკომედიაა. ფილმის გმირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრი გიორგი მჭედლიშვილია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს კარგავს: სამსახურს, ავტომობილს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ცდილობს, როგორმე მოქმედებისკენ უბიძგოს ყოფილ მინისტრს, მაგრამ ამაოდ.

მთავარი პერსონაჟი თავისი ოცნების გოგონას ხვდება, თუმცა, ბედი მას არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. ახალი ხელისუფლება ითხოვს, რომ გიორგიმ სამთავრობო აგარაკი დაცალოს, მეუღლე და ქვისლი სკანდალს აწყობენ, სახლი პოლიციელებითა და მასმედიის წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული, ფინალში კი სახლის შტურმი იწყება.

მთავარი გმირის როლს ფილმში მსახიობი ნიკა თავაძე თამაშობს. სცენარის ავტორები თავად ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი არიან, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი, მხატვარი – გოგი მიქელაძე, ფილმის კომპოზიტორია იოსებ ბარდანაშვილი.

სავარძელი გმირს გაქცევაში ეხმარება, მაგრამ კითხვა — შეძლებს კი ის გადალახოს ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი, თუ დაღუპავს ყველაფერს, რაც მისთვის ასე ძვირფასია, ღია რჩება.

ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ზუკა დარჯანია, ტრისტან სალარიძე, ვიტალი ხაზარაძე, მერაბ გეგეჭკორი და სხვები.

ელდარ შენგელაიას „სავარძლის" რუსული პრემიერა 2017 წლის 28 ივნისს მოსკოვის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

პრემია „ნიკა" 1987 წელს სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნომ დააწესა. მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი იული გუსმანია. პრემიის პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ ვიქტორ მერეჟკო, ელდარ რიაზანოვი, ალექსეი ბატალოვი. 2013 წელს პრეზიდენტის პოსტი ანდრეი კონჩალოვსკიმ დაიკავა.

თემები:
საქართველო და კულტურა (740)

მთავარი თემები