„ევროვიზია 2018"-ზე გერმანიას ნათია თოდუა არ წარადგენს

© FB / Natia Toduaნათია თოდუა
ნათია თოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია თოდუამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობისთვის ძალები მოსინჯა სიმღერით My Own Way, მაგრამ დაბალი შეფასება მიიღო.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ვოკალური შოუს The Voice of Germany 2017 გამარჯვებული ნათია თოდუა „ევროვიზია 2018"-ზე გერმანიას აღარ წარადგენს.

ეროვნულ შესარჩევ კონკურსში 27 წლის მიხაელ შულტემ გაიმარჯვა სიმღერით You Let Me Walk Alone.

შულტეს გამარჯვება ტელემაყურებლის, საერთაშორისო ჟიურისა და ევროვიზიის ექსპერტების ხმებმა გადაწყვიტა.

სულ შესარჩევ კონკურსში ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. ნათია თოდუამ ძალები მოსინჯა სიმღერით My Own Way, მაგრამ დაბალი ქულები მიიღო.

21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული The Voice of Germany-ის მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ის 26 ათასი კანდიდატიდან კონკურსის ფინალში გადავიდა, სადაც მან ხმების უმეტესობა მოიპოვა და სამი კონკურენტი უკან ჩამოიტოვა. ნათიას ხმა მაყურებლის 50,1%-მა მისცა. ნათიას გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.

თოდუას „ევროვიზიაზე" გერმანიის სახელით გამოსვლის იდეის განხილვა მედიაში იმ დროიდან დაიწყო, რაც ქართველმა კონკურსანტმა გაიმარჯვა. როგორც აღინიშნებოდა, მაშინ ნათია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრ ხმას მიიღებდა. თავად ნათია სიამოვნებით დათანხმდა შერჩევით კონკურსში მონაწილეობას, როგორც თავად აღიარა, ამ ფორმით ის შეძლებს იმ ქვეყნებისთვის მადლობის გადახდას, რომლებმაც მას პროექტში მხარი დაუჭირეს.

ჯგუფი „ირიაო - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2018: „ირიაო" პორტუგალიაში მიდის

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

მსგავს ტელეპროექტებში მონაწილეობა ნათიასთვის პირველი არ იყო. პირველი ასეთი შოუ იყო ტელეკომპანია „მაესტროზე" რეალითი–შოუ „მაგი–ფანი". თოდუა ასევე იდგა „ვაკის პარკის" ბექ–ვოკალში.

2014 წელს გოგონამ მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.

მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ნათია თოდუას კერპი ამერიკელი მომღერალი ჯენის ჯოპლინია.

„ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კონკურსზე ეთნო–ჯაზ ჯგუფი „ირიაო" წარადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0