ქართველმა რეჟისორმა ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო მიიღო

გამოწერა
რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ფილმი 2017 წლის საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად დასახელდა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზის მფლობელი გახდა ფილმისთვის „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" (Let the Summer Never Come Again).

გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაცის პრემია 1956 წელს დაწესდა. ეს ერთადერთი პრემიაა გერმანიაში კინოს დარგში, რომელსაც მხოლოდ კინოკრიტიკოსები გასცემენ.

კობერიძეს ჯილდო გადაეცა ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც გერმანიაში 15-25 თებერვალს მიმდინარეობს. ქართველი რეჟისორის ფილმი 2017 წლის საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად დასახელდა.

ფილმი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტია. პროექტი 2017 წელს მარსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Marseille International Film Festival) ორგზის გამარჯვებული გახდა — მიიღო ფორუმის გრან-პრი და პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის.

ფილმის პროდიუსერია ნუცა წიქარიძე. მთავარ როლებს ასრულებენ მათე კევლიშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი.

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობი – ევროპის ამომავალი ვარსკვლავი

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" — ესაა რეჟისორის მშობლიური ქალაქის — თბილისის პორტრეტი. ფილმში წინა პლანზეა უბრალო ადამიანური ისტორიები და მთავარი პერსონაჟების წუხილი და სევდა. სურათის მთავარი თემებია სიყვარული, ომი და ბედისწერა.

ალექსანდრე კობერიძე 1984 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ — ბერლინის კინოსა და ტელევიზიის სკოლა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად კინოს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კინოფესტივალად მიიჩნევა. მისი მთავარი პრიზია „ოქროს დათვი".

ყველა ახალი ამბავი
0