სვანური ტრადიციები და სიყვარული – თბილისში ფილმ „დედეს" პრემიერა გაიმართება

© FB / DEDEფილმ "დედეს" გადაღებები
ფილმ დედეს გადაღებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რეჟისორ მარიამ ხაჭვანის გახმაურებული სადებიუტო ნამუშევრის, სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედეს" ქართული პრემიერა გაიმართება 22 თებერვალს თბილისის კინოთეატრებში „რუსთაველი" და Cavea.

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ფილმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, ხოლო მსახიობების უმეტესობა — სვანი.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 2018 წელს კანის კინოფესტივალის „რეზიდენციის“ სპეციალური პროგრამის Cinefondation მონაწილე გახდა. პროექტი „რეზიდენცია" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 2000 წელს აამოქმედეს. მას შემდეგ პროგრამა ახალგაზრდა რეჟისორებს ყოველწლიურად ასწავლის და ეხმარება კინოს სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. გასულ წელს მისი რეზიდენტი იყო ქართველი რეჟისორი რატი წითელაძე პროექტით „ცარიელი სახლი".

მარიამ ხაჭვანი მთელი მსოფლიოდან შერჩეულ ექვს რეჟისორთა შორის მოხვდა. სტაჟირებას კანის „რეზიდენციაში" ხაჭვანი 2018 წლის მარტიდან ზაფხულამდე გაივლის. ამ დროის განმავლობაში რეჟისორს დაეხმარებიან სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის დამუშავებაში, ასევე კონსულტაციებს გაუწევენ კინოწარმოების ორგანიზაციაში.

ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისორურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed–ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა, შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0